დერმატოსკოპია

კანის კიბოს სკრინინგი კანის კიბოს გამომწვევი მიზეზები ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია როდის ავტეხოთ განგაში

კანის კიბოს სკრინინგი

ყოველ ადამიანს  აქვს კანზე ლაქები, ხალები (პიგმენტური ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსები) ან სხვა წარმონაქმნები (დაწვრილებითი ინფორმაცია კანის ახალწარმონაქმნების შესახებ იხ. - http://www.marjani.ge/axalcarmonaqmnebi.html). ზოგი მათგანი თანდაყოლილია, მაგალითად,  ხალები და  ლაქები, ზოგიც შეძენილი. კანის ახალწარმონაქმნების სამი ძირითადი სახეობა არსებობს: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (კიბოში გადაზრდის  საშიშროება) და ავთვისებიანი. ახალწარმონაქმნები მოითხოვს  დიაგნოსტირებას და პერიოდულ მონიტორინგს, რათა არ გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.

აღსანიშნავია, რომ კანის კიბოს ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება მსოფლიო მასშტაბით და იგი ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სიმსივნედ ყალიბდება. სხვადასხვა ლოკალიზაციის და ტიპის კიბოს დიაგნოზიდან ყოველი მესამე სწორედ  კანის კიბოა და მისი ინსიდენსი მსოფლიო მასშტაბით აღწევს დაახლოებით ორიდან სამ მილიონამდე ახალ შემთხვევას წელიწადში, მათ შორის - 132000 მელანომაა. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში კანის სიმსივნეები დრამატულად იმატებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1970-2009 წლებში მელანომის ინსიდენსმა მოიმატა 800%-ით ქალებში და 400%-ით კაცებში.

საქართველოში 2007-2010 წწ. კანის კიბოს ახალი შემთხვევების თანდათანობით ზრდასთან დაკავშირებით და  ჯანდაცვის ონკოპრევენციული სისტემის ფაქტიური არარსებობის პირობებში, ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ა.ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით 2005-2010 წლებში მელანომისა და კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათი პირველადი დიაგნოსტიკა ძირითადად II-IV სტადიაზე ხორციელდება, რაც მძიმედ აისახება ავადმყოფების სიცოცხლის ხარისხსა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემები არ არის სრული და არ იძლევა მთლიან სურათს ქვეყნის მასშტაბით, რადგან საქართველოს რეგიონებში მდგომარეობა, ალბათ, კიდევ უფრო სავალალოა.

კანის სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა  საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ დააავადების შორეული გამოსავალი და შევამციროთ  სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ერეოვნული ცენტრის მონაცემებით, 2011 წელს კანის სიმსივნით რეგისტრირებულ ავადმყოფთა კონტიგენტში სიკვდილობა 4.2% იყო, ხოლო მელანომის ჯგუფში - 12.5%. ცხადია, კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა გაცილებით დროული და ეფექტური მკურნალობის ჩატარების საშუალებას მოგვცემს.

უკანასკნელ წლებში მსოფლიოში ინერგება კანის კიბოს სკრინინგის მარტივი და იაფი მეთოდი - დერმატოსკოპიული კვლევა. გერმანიასა და ავსტრალიაში ჩატარებული პოპულაციის სკრინინგის შედეგებმა ცხადყო მისი ეფექტურობა და დადებითი რეკომენდაციები დაიმსახურა. თანამედროვე მედიცინაში  ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის სწორედ ამ ახალ მეთოდს - დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა – ოპტიკური ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება. 

მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგს ფართო მხარდაჭერა აქვს.  ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნეების განვითარების რისკი. საქართველო სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიის და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია http://www.oncodermatology.ge/ სამედიცინო ცენტრი ”მარჯანის” ბაზაზე 2014 წლის მარტიდან ანხორციელებს ახალ პროექტს - მოსახლეობის კანის კიბოს სკრინინგი, რაც გულისხმობს კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკას - უახლესი ოპტიკური დერმატოსკოპის მეშვეობით და ახალი დერმატოსკოპიური ალგორითმის გამოყენებით, რომელიც შემუშავებული იქნა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში დერმატოლოგი პროფესორი Harald Kittler-ის მიერ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

კანის ახალწარმონაქმნების  დერმატოსკოპიული დიაგნოსტიკა და აღნიშნული მეთოდით კვლევა   ხორციელდება კანის კიბოს ადრეული გამოვლენისთვის, რაც  95%-ანი სიზუსტით ხასიათდება.

აღნიშნული პრობლემის აქტუალობა საქართველოს სინამდვილეში და მისი გადაწყვეტის სიახლე წარმოადგენს წინამდებარე პროექტის საფუძველს. პროექტის მთავარი მიზანია დერმატოსკოპურ კვლევაზე დაფუძნებული კანის კიბოს სკრინინგის პროგრამის შემუშავება და საქართველოს მასშტაბით დანერგვა. პარალელურად ხორციელდება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (ელექტრონული ისტორიის) და ე-რეგისტრის მომზადება, რაც ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების შექმნის და განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიას „ჯანმრთელი საქართველო - შენთვის“ (2010) სრულად შეესაბამება.

ჩვენი გუნდი, რომელიც ამ პროექტს ანხორციელებს:

სკრინინგი წარმოადგენს დაავადების ადრეულ, უსიმპტომო პერიოდში გამოვლენის მეთოდს. სკრინინგის დროს გამოვლენილი კანის სიმსივნე, როგორც წესი (არა ყოველთვის)  განვითარების ადრეულ სტადიაზეა და მისი ეფექტური მკურნალობის გაცილებით მაღალი შანსი არსებობს. სკრინინგის მიზანს წარმოადგენს  ადრეულ სტადიაზე გამოვლენილ პაციენტებში კიბოს გვიანი სტადიების განვითარების შეჩერება და/ან კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის შემცირება.

”დაავადებების სკრინინგის პროგრამის” მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

  1. დაავადება უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას.
  2. დაავადების ბუნებრივი ისტორია ცნობილი უნდა იყოს.
  3. უნდა იყოს ხანგრძლივი პრეკლინიკური (ლატენტური) პერიოდი.
  4. უნდა არსებობდეს უსაფრთხო, მარტივი  და იაფი სკრინინგ-ტესტი, რათა მოხდეს პოპულაციის სკრინინგი.
  5. დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა უნდა იყოს გაცილებით  და სტატისტიკურად სარწმუნოდ უფრო ეფექტური გვიანი სტადიების მკურნალობასთან შედარებით.
  6. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები სრულად ესადაგება კანის ავთვისებიან სიმსივნეებს: კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ეტიოპათოგენეზი ძირითადად ცნობილია, ახასიათებს ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი, არამელანომური კანის ავთვისებიანი სიმსივნეების პრეკლინიკური პერიოდი რამოდენიმე თვიდან წლამდე გრძელდება, ამიტომ მათი 80% 60-წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. ახალწარმონაქმნების შეფერილობისა და ზომის ცვლილება მარტივი ამოსაცნობია მოსახლეობისთვის მისაღები, არაინვაზიური და იაფი სკრინინგის საშუალებით. სკრინინგ ტესტს - დერმატოსკოპიურ კვლევას, გააჩნია მაღალი მგრძნობელობა პრეკლინიკური შემთხვევების აღმოჩენისა (მგრძნობელობა) და ასევე სწორად ახდენს ნეგატიური შემთხვევების  კლასიფიცირებას (სპეციფიურობა). ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული კანის ავთვისებიან სიმსივნეებს ახასიათებს განკურნების მაღალი ხარისხი. მისი ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში წარმოადგენს სტანდარტულ მკურნალობას, ხოლო კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შორსწასული შემთხვევების (II-IV სტადიების) მკურნალობა გაცილებით რთულია, ხშირად მოითხოვს ფართომასშტაბიანი, ”დამასახიჩრებელი” ქირურგიული კვეთის წარმოებას, ხოლო მეტასტაზირების შემთხვევაში ხანგრძლივ მკურნალობას და ის ხშირად აბსოლუტურად უიმედოა. კანის ავთვისებიანი სიმსივნეები აკმაყოფილებს სკრინინგის მოთხოვნებს და ექვემდებარება მათ ადრეულ დიაგნოსტიკას. დერმატოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ კანის რეგულარული დათვალიერება მნიშვნელოვანია კანის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა, როგორც ამ დაავადების პირველადი პრევენციის ერთ-ერთმა საუკეთესო მეთოდმა.