კანი და იმუნოლოგია
ცნობილია, რომ იმუნურ სისტემას (განსაკუთრებით მის ადგილობრივ ფაქტორებს) უდიდესი მარეგულირებელი როლი ენიჭება კანსა და ლორწოვან გარსში ნორმალური ჰომეოსტაზის შენარჩუნების პროცესში. იმუნური სისტემა ამავე დროს უშუალო მონაწილეობას იღებს კანის სხვადასხვა დაავადებების ეტიოპათოგენეზში.
კანი ორგანიზმს იცავს გარემოს სხვადასხვა დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, მათ შორის ვირუსებისა და პათოგენური ბაქტერიებისგან. კანის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი მექანიკური ბარიერის როლით. კანსა და იმუნური სისტემის უჯრედებს შორის ბიოქიმიური, ულტრასტრუქტურული და ფუნქციონალური ურთიერთკავშირი არსებობს.
იმუნურ დაცვაში ცენტრალური ადგილი უკავია კანის ლიმფოიდურ ქსოვილს, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე მორფოლოგიურად ფიქსირებულ წარმონაქმნს. არსებითად ეს კანში მუდმივად ცირკულირებადი ლიმფოციტების პოპულაციებია. მათი დიდი ნაწილი დერმაში მიგრირებს პერიფერიული ლიმფური კვანძებიდან. მიჩნეულია, რომ ამ უჯრედთა ნაწილი მომწიფებული ლიმფოციტებია, ნაწილი კი დერმაში განიცდის დიფერენციაციას. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან როლს სავარაუდოდ კერატინოციტები და ლანგერჰანსის დენდრიტული უჯრედები ასრულებენ. T-ლიმფოციტები უპირატესად ეპიდერმისსა და დერმის ზედა შრეებში ლოკალიზდებიან, B-ლიმფოციტები კი დერმის შუა და ქვედა შრეებში.
ლანგერჰანსის დენდრიტული უჯრედები მაკროფაგებთან და ჰისტიოციტებთან ერთად კანის მაკროფაგული სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენენ. მათი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტისიმსივნური ზედამხედველობა, რაც ხორციელდება ანტიგენური ინფორმაციის შეცნობის, გადამუშავების და მათი T-ლიმფოციტებთან პრეზენტაციის გზით. აგრეთვე არეგულირებენ T-ლიმფოციტების პროლიფერაციას და დიფერენციაციას.
იმუნური პასუხის დარღვევის კლინიკური გამოვლინებებიდან შეიძლება გამოვყოთ ოთხი ძირითადი იმუნოპათოლოგიური სინდრომი: ინფექციური, ალერგიული, აუტოიმუნური და იმუნოპროლიფერაციული.
მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა დაავადება, რომელთა პათოგენეზშიც აქტიურად მონაწილეობენ განსაზღვრული იმუნური ფაქტორები და რომლებიც წარმოადგენენ სერიოზულ კოსმეტიკურ პრობლემას.
კანის დაავადებების პათოგენეზში, პროცესის სიმძიმესა და პათომორფოლოგიური ელემენტების რეზორბციაში, ასევე რეციდივი/რემისიის ციკლების ხანგრძლივობაში ორგანიზმის იმუნური ფაქტორების მნიშვნელოვან როლზე არსებულმა მონაცემებმა საფუძველი ჩაუყარა მკურნალობის ეფექტურობისთვის იმუნოლოგიური კონტროლის ჩატარებას. უფრო მეტიც, ეს მონაცემები პირდაპირ მიუთითებენ დერმატოლოგიაში იმუნომოდულაციური პრეპარატების აქტიური გამოყენების აუცილებლობაზე.
ნათელი ხდება, რომ კანის ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კოსმეტოლოგიურ პრობლემაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება ტოვებს სერიოზულ და/ან შესამჩნევ დეფექტებს კანის ზედაპირულ და ღრმა სტრუქტურებში (განსაკუთრებით სახეზე), მიუხედავად სრული კლინიკური გამოჯანმრთელებისა. რადგანაც დერმატოკოსმეტოლოგის ობიექტს კანი წარმოადგენს, სპეციალისტებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მხედველობაში გარკვეული პრეპარატებისა და პროცედურების ზემოქმედების იმუნოლოგიური ასპექტები, რომლებიც თავის მხრივ არსებითად არ უნდა მოქმედებდნენ კანის იმუნურ კომპონენტებზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ალერგიზაციის შედეგები, რომელთა მიზეზიც ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება შეიძლება გახდეს: ისინი მოქმედებენ როგორც ალერგენები, ე.ი. შეუძლიათ მთელს ორგანიზმში (და არა მხოლოდ კანში) ჰიპერმგრძნობელობის სტატუსის ფორმირება და ალერგიული რეაქციების კორექცია უკვე აღარ შეიძლება კოსმეტიკური საშუალებებით. ამიტომაც აუცილებელია კანში იმუნური პროცესების ცოდნა, რათა მიზანმიმართულად და არჩევითად მოხდეს კოსმეტიკური საშუალებების და პროცედურების გამოყენება, რომლებიც მინიმალურად დააზიანებენ კანის იმუნური სისტემის ადგილობრივ ფაქტორებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო, ლოგიკურია დერმატოკოსმეტოლოგიაში იმუნოტროპული პრეპარატების გამოყენება, კერძოდ - იმუნომოდულაციური საშუალებების, რომელთაც შეუძლიათ იმუნური ჰომეოსტაზის მდგომარეობის ნორმალიზება როგორც კანში, ისე მთელს ორგანიზმში. თუ კანის დეფექტები გამოწვეულია ინფექციური აგენტებით (ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკო და ა.შ.), ეტიოტროპული საშუალებებისა და იმუნომოდულატორების ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის კოსმეტიკური პროცედურის ხარისხს, განსაკუთრებით ინფექციის გამწვავების პერიოდში. ანალოგიური შედეგის მიღწევა შეიძლება იმუნომაკორეგირებელი პრეპარატების ადგილობრივი გამოყენებით (კრემების, ფირფიტების, ნიღბების და სხვა შემადგენლობაში). ეს მნიშვნელოვანია კერატინოციტების და ლანგერჰანსის უჯრედების ფიზიოლოგიური ტონუსისთვის და ხელს შეუწყობს კანის, როგორც ცოცხალი იმუნოლოგიური ბარიერის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ამგვარად, დერმატოკოსმეტოლოგებმა თავიანთ პროფესიონალურ საქმიანობაში მხედველობაში უნდა მიიღონ კანის იმუნური ელემენტების აგებულებისა და ფუნქციონირების თავისებურება, მომავალში ამ სტრუქტურების დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით. ხოლო კანის იმუნოკომპეტენტურობის კორექცია არსებითად გაზრდის კოსმეტოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხარისხს, რასაც სამედიცინო, სოციალური და ეკონომიური მნიშვნელობა ექნება.