კოსმეტიკური საშუალებები და კოსმეცევტიკა
დაცარიელდა სახის კრემის მორიგი ქილა და ისევ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე - რა შევიძინოთ ამჯერად?! ეს პრობლემა ათასობით ქალს უჩნდება, განურჩევლად მათი მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა. ზოგიერთს შერჩეული აქვს კონკრეტული ბრენდი და არ ღალატობს მას; დანარჩენები კი მუდმივ ძიებაში არიან და ცდილობენ შეაგროვონ ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქციის შესახებ, რომლის უპირველესი წყარო რეკლამაა, რათა შეარჩიონ შესაფერისი კრემი. ინფორმაციის მეორე წყარო მეგობრები, მეზობლები და ახლობლები არიან, რომლებიც კმაყოფილნი არიან ამა თუ იმ კოსმეტიკური ბრენდით. მაგრამ, კანის ტიპის დამოუკიდებლად დადგენა არ თუ ისე ადვილია, რადგან თავისთავად ხარისხიანი და კარგი კრემი ყველასთვის არ შეიძლება იყოს ეფექტური.
ინფორმაციის მესამე წყარო პროფესიონალის რჩევაა. თუ რიგითი მომხმარებლის აზრი უფრო ხშირად არაარგუმენტირებულია, დერმატოკოსმეტოლოგის რჩევა არგუმენტირებული და ობიექტურია. სპეციალისტი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს და ურჩევს პაციენტს იმ კოსმეტიკური საშუალებების კრებულს, რომელიც უშუალოდ მის კანს მოუხდება.
თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკოსი დერმატოკოსმეტოლოგის გამოცდილებას, პაციენტი, რომელიც კარგი ხარისხის და სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებით სარგებლობს, საგრძნობლად იუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ინარჩუნებს და იხანგრძლივებს ახალგაზრდულ იერს და პირიქით - კოსმეტიკური საშუალებების არასწორი გამოყენების შედეგად სავალალო მდგომარეობამდე მიდის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია კანის დამატენიანებელი საშუალებები. კანი სითხის უმნიშვნელოვანესი რეზერვუარია. იგი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის საერთო რაოდენობის 15-18%-ს. გაუწყლოებული კანი პრაქტიკულად არ იყენებს სითხეს ორგანიზმის სხვა რეზერვუარიდან. მთელი რიგი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ გარქოვანებულ ეპითელში (რქოვანა შრეში) კანის ელასტიკურობის შენარჩუნებისათვის წყლის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხიმების.
რქოვანა შრის დაახლოებით 30%-ს წყალი წარმოადგენს; აქედან 10% დაკავშირებულია ლიპიდებთან. წყლის დიდი ნაწილი სიღრმეშია მოთავსებული და არაფერი ემუქრება, ხოლო ზედა შრეებში მისი არსებობა გარემოს ტენიანობაზეა დამოკიდებული. რქოვანა შრის ელასტიკურობა პირდაპირპროპორციულია მასში სითხის შემცველობასთან. ნორმით იგი იკავებს წყლის იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისია ამა თუ იმ ფუნქციის შესასრულებლად.
დამატენიანებელი საშუალებების შემცველობა და მოქმედების მექანიზმი საკმაოდ რთულია, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც კოსმეტიკურ, ისე სამკურნალო პრეპარატებს, რომელთაც ორი ათეული წლის წინ კოსმეცევტიკური საშუალებები ეწოდათ. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს სამკურნალო ეფექტი გააჩნიათ. დამატენიანებელი საცხები ძირითადად მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებს შეიცავენ: ვიტამინები, ჰიდროქლორირებული ორგანული მჟავები, რეტინოიდები, კოლაგენი, ელასტინი, რიბონუკლეინის მჟავა, ცერამიდები და ა.შ. კერძოდ, რეტინოიდებს, ალფა და ბეტა ჰიდროქსილმჟავებსა და მათ მარილებს შესწევთ უნარი, შეამცირონ ან აღმოფხვრან კანის სიმშრალე. ამ ჯგუფის პრეპარატები ხელს უწყობენ მკვდარი ეპითელიუმის აქერცვლას; მათ ფართოდ იყენებენ ჰიპერკერატოზის დროს; ისინი ჰიდროსკოპულები არიან, ზრდიან კანის პლასტიკურობას და ელასტიკურობას. რაც შეეხება ვიტამინებს, მათი სამკურნალო მოქმედება კანზე ცნობილია, ისინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ.
კრემების ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოადგენს. მათი საშუალებით ხორციელდება ამათუიმ კოსმეტიკურ საშუალებებში ცხიმოვანი და წყლის ფაზის შეკავშირება და ემულსიის წარმოქმნა. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ზრდიან ეპიდერმისის რქოვანა შრის გამავლობას და ამით ხელს უწყობენ კრემში შემავალი აქტიური ინგრედიენტების შეწოვას ეპიდერმისის ღრმა შრეებში.
კანის ფიზიოლოგიის, მისი დაბერების მექანიზმის, დაავადების პათოგენეზის შესწავლამ და ბიოტენოლოგიების განვითარებამ წარმოშვა პრეპარატების ახალი ჯგუფი - კოსმეცევტიკა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: გლიკოპროტეინები (დაბალმოლეკულური ცილები) წარმოქმნილი ქსოვილოვანი ექსტრაქტებიდან; პეპტიდების ახალი კომპლექსი და რძის შრატის დაბალმოლეკულური ცილები, რეტინოიდები, ბიოფლავონოიდები, ფიტოჰორმონები და ა.შ. ამ პრეპარატების ზემოქმედება ხასიათდება კანის ღრმა ფენებში შეღწევით, უჯრედებთან ურთიერთქმედებით.
კოსმეცევტიკა - ახალი თაობის კოსმეტიკაა, რომელიც მოწოდებულია რათა გადაჭრას კანის სერიოზული პრობლემები; არც ისეთი ღრმა, რომლებიც საჭიროებენ სამკურნალო პრეპარატებს, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი, რომლის დროსაც კანის მოვლისა და ჰიგიენის ჩვეულებრივი საშუალებები უძლურია, ანუ საუბარია აქტიურ სამკურნალო კოსმეტიკაზე. და მაინც, რას გულისხმობენ ასეთ პრეპარატებში? მაგალითად, ეს პრეპარატები შეიცავენ:
კოსმეცევტიკური საშუალებები ძირითადად გამოიყენება ანტიდაბერებისთვის, აკნესა და კუპეროზის სამკურნალოდ, რადგან ისინი ხელს უწყობენ კანის აღდგენით პროცესებს და დადებითად მოქმედებენ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. კოსმეცევტიკური საშუალებები დაფუძნებულია მაღალაქტიურ, სამკურნალო ნივთიერებებზე, მაგალითად, პლაცენტარული ექსტრაქტები, ემბრიონალური უჯრედები, ფიტოესტროგენები და სხვა, და რაც მთავარია მათი რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ კოსმეტიკაში არსებულს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროდუქტის შეძენის დროს გავარჩიოთ, ეს კოსმეცევტიკაა თუ უბრალოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები. ამაში დაგეხმარებათ დერმატოკოსმეტოლოგი და გირჩევთ როგორ გამოიყენოთ კოსმეცევტიკა.
თუ სამკურნალო კოსმეტიკას მიზანმიმართულად არ გამოვიყენებთ შეიძლება მთელი რიგი უსიამოვნებები გამოვიწვიოთ - მაგ., ალერგიული რეაქცია; რადგან ისინი შეიცავენ მაღალი კონცენტრაციის აქტიურ ნივთიერებებს. ეს რომ არ დაგვემართოს, უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
პროფესიონალურ მაღალი ხარისხის კოსმეტიკას ვერ შეიძენთ ვერც აფთიაქში და ვერც პარფიუმერულ მაღაზიაში. ეს პროდუქცია იქმნება სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ხარისხის, უსაფრთხოებისა და მოქმედების მაღალი სტანდარტებით. ისინი შეიცავენ აქტიური ინგრედიენტების მნიშვნელოვან რაოდენობას, ამ ლაბორატორიაში შემუშავებული ფორმულის თანახმად. ფორმულა - სწორედ ეს არის მთავარი პროფესიულ, მაღალხარისხიან კოსმეტიკაში, რომლის შესაქმნელადაც იხარჯება მნიშვნელოვანი თანხები. კოსმეტიკის მწარმოებელ ფირმას, რომელიც ასეთ კოსმეტიკას უშვებს უნდა ჰქონდეს საკუთარი ლაბორატორია და საკუთარი წარმოება, რათა აკონტროლოს პროდუქციის ხარისხი. ასეთი პროდუქცია მასიურად არ იყიდება და მათი შესყიდვა და გამოყენება, მხოლოდ სერტიფიცირებულ დერმატო-კოსმეტოლოგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ.