დერმატოსკოპია

კანის კიბოს სკრინინგი კანის კიბოს გამომწვევი მიზეზები ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია როდის ავტეხოთ განგაში

ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია

თანამედროვე მედიცინაში  ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის ახალ მეთოდს - დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა ოპტიკური ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება.

დერმატოსკოპია წარმოადგენს მარტივ და არაინვაზიურ კვლევის მეთოდს, რომელიც   კანის ახალწარმონაქმნების უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით. დერმატოსკოპიური კვლევის საშუალებით შესაძლებელია აღვწეროთ მნიშვნელოვანი დამატებითი დეტალები ახალწარმონაქმნის მორფოლოგიაში, რაც გვიადვილებს ან სულაც შესაძლებელს ხდის ზუსტი დიაგნოზის დასმას. ჩვენს მიერ კვლევა ტარდება ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით. მისი მუშაობის პრინციპია: დერმატოსკოპი დაკავშირებულია  ციფრულ კამერასთან, ის თავის მხრივ კომპიუტერთან და ოპერატორი-დერმატოლოგი რეალურ დროში მონიტორზე ხედავს ახაწარმონაქმნის დერმატოსკოპიურ სურათს და იმახსოვრებს შესაბამის ციფრულ გამოსახულებას.

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა მოხდეს დამახსოვრებული გამოსახულებების ეფექტური ადმინისტრირება. ეს ციფრული დერმატოსკოპის უმთავრესი უპირატესობაა, რაც უზრუნველყოფს ახალწარმონაქმნის მარტივი მონიტორინგის საშუალებას. ერთი და იგივე ელემენტის გარკვეული დროის ინტერვალით გადაღებული დერმატოსკოპიური გამოსახულებების შედარება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მცირე ზომის, თითქმის შეუმჩნეველი კანის სიმსივნეების დიაგნოსტირება, მათში მიმდინარე ცვლილებებზე დაყრდნობით. ეს ასევე შეამცირებს ბიოფსიის რაოდენობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავლობითი ხალების მქონე პაციენტებისთვის. ციფრული დერმატოსკოპიის კიდევ ერთი უპირატესობაა პაციენტის ჩართულობა კვლევის პროცესში. ჩვეულებრივი დერმატოსკოპიის გამოყენების დროს პაციენტი ვერ ხედავს გამოსახულებას, ხოლო ციფრული დერმატოსკოპია მას საშუალებას აძლევს ექიმთან ერთად დააკვირდეს კვლევის ობიექტს. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების ჩართულობა კვლევის პროცეში დადებითად აისახება მათ განწყობასა და დაკვირვებულობაზე.

მონიტორინგის ჩატარების ინტენსივობა წარმოადგენს სამიდან თორმეტ თვემდე. ინტერვალის დადგენა ხდება თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად (3, 6 თუ 12 თვეში ერთხელ) პირველადად აღწერილი ახალწარმონაქმნის, კანის ფოტოტიპის, პირადი და ოჯახური ანამნეზისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ახალწარმონაქმნების მონიტორინგის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათი გაავთვისებიანების აღმოჩენა მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება იმ მინიმალური ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც დოკუმენტირებულია გარკვეული დროის ინტერვალით ჩატარებული დერმატოსკოპიური კვლევის შედეგად. დერმატოსკოპიული მონიტორინგის გარეშე ”გაპარული” კანის სიმსივნეების დიაგნოსტირება, სამწუხაროდ, მხოლოდ იმ მომენტში ხდება, როდესაც სიმსივნე აღწევს შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ ცვლილებებს და შესაბამისად ზომებს, რაც მისი შორსწასულობის მახასიათებელია.

კანის ახალწარმონაქმნის დერმატოსკოპიური სურათის აღწერისთვის კლინიკა „მარჯანის“ ექიმები იყენებენ  Pattern Analysis ალგორითმს, რომელიც შემუშავებულია ჩვენი ავსტრიელი პარტნიორის პროფ. ჰ. კიტლერის მიერ. ჩვენი კვლევის ინოვაციურობა მდგომარეობს აღნიშნული შეფასების ალგორითმის ავტომატიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნაში, რომლის დანიშნულებაა დერმატოსკოპიური ციფრული გამოსახულების მიხედვით საჭირო პარამეტრების შეფასება და მათი მნიშვნელობების შესაბამისად, Pattern analysis ალგორითმის მიხედვით, დიაგნოზის დასმა. ასევე დროის პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე ახალწარმონაქმნის ანალიზის შედეგად მიღებული პარამეტრების მნიშვნელობებს შორის ცვლილებების აღმოჩენა.

აღსანიშნავია ასევე, რომ დერმატოსკოპიური კვლევის შედეგის მიხედვით პაციენტს მიეცემა მიმართვა შემდგომი გაღრმავებული კვლევისა თუ მკურნალობის ჩატარებისთვის.

ანალოგიური კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და არსებული სინამდვილის გათვალისწინებით კანის კიბოს სკრინინგის პროგრამის წარმოების შედეგად მნიშვნელოვან შედეგს მივიღებთ: გაიზრდება კანის სიმსივნეების ადრეულ (I) სტადიაზე გამოვლენის რიცხვი, რაც შეამცირებს პირველადად დიაგნოსტირებული შორსწასული შემთხვევების რიცხვს, გაზრდის სიცოცხლის ხარისხს, მკურნალობის ეფექტურობას და ამით შემცირდება ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი.