სტრესი და დაბერება
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა რაც შეიძლება დიდხანს ?
შევეცადოთ მეტ-ნაკლებად პასუხი გავცეთ ამ კითხვას. საუბარი სტრესიდან დავიწყოთ. სტრესი არის ის რაც ჩვენ გვაბერებს. სტრესი განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელშიც მუდმივად ვიმყოფებით. სტრესის თეორია და მეცნიერული ახსნა ჰანს სელიემ მოგვცა. მან ყურადღება გაამახვილა ერთ ძალიან საინტერესო მომენტზე - ავადმყოფობის წინა სტადიაზე, რომელიც ყველა დაავადებისთვის იდენტური აღმოჩნდა. მისი აზრით არსებობს საყოველთაო, არასპეციფიკური თვისებები და ნიშნები, რომლებიც დამოკიდებული არ არის მხოლოდ იმუნურ სისტემაზე და ზოგადად გამოხატავს ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას. ორგანიზმის ეს ზოგადი რეაქცია არის სტრესი. სხვაგვარად მას შეიძლება ვუწოდოთ ორგანიზმის ბრძოლის არასპეციფიკური რეაქცია იმ მავნე ფაქტორებზე, რომლებიც მოდის, როგორც გარედან (გარემოდან) ისე შიგნიდან (შინაგანი ორგანოებიდან) და ვითარდება დროში. სტრესს სამი სტადია აქვს. პირველი სტადია არის განგაშის, ამას მოჰყვება ადაპტაციის პერიოდი, რომელიც გადადის მესამე - ძალთა გამოცლის სტადიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სტრესი მხოლოდ ნერვული დაძაბულობა არ არის, როგორც ჩვენ მას აღვიქვამთ. ის შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციურიც და ასევე ლოკალურიც - უჯრედში, ქსოვილში, რომელიმე სისტემაში გაჩენილი. მაგალითად დამწვრობა. მართალია ის ფსიქოლოგიური სტრესიც არის, მაგრამ უფრო მეტად ლოკალურია, რადგან ძირითადი დარტყმა ქსოვილმა მიიღო. ამ მიკროდონეზეც ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს: ჩართულია მთელი ორგანიზმი, ფიზიოლოგიური პროცესი მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, გამოიყოფა ჰორმონები: ადრენალინი და ა.შ. ამ მუდმივად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მოქმედი ფაქტორების შედეგად კი ნადგურდება ჩვენი ბიოლოგიური სისტემა, რომელიც პასუხობს ამ სტრესებს. სტრესსა და დაბერებას შორის მჭიდრო კავშირია. ცხოვრების განმავლობაში მიღებული სტრესების შედეგად ორგანიზმი ბერდება, ძაბუნდება, ქვეითდება მისი ადაპტაციის უნარი და ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები, რომლებსაც დაავადებამდე მივყავართ. მუდმივი სტრესი ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს რამდენიმე წელს მატებენ. სტრესით გამოწვეული ცვლილებები ეხებიან უჯრედის გენეტიკურ აპარატს - ქრომოსომების სტრუქტურას, მოქმედებენ დნმ-ზე.
დაბერების თავისუფალ რადიკალური თეორიაც უკავშირდება ისევ სტრესს, ოღონდ სხვაგვარად - ორგანიზმში ფიზიკო-ქიმიური პროცესების დროს გამონთავისუფლებული ჟანგბადი მავნე ზემოქმედებას ახდენს უჯრედზე და სპობს მას, რის შედეგადაც ვითარდება დაავადება. თავისუფალი რადიკალები მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ანთებითი პროცესების თუ იმუნური რეაქციების დროს.
დაბერება ასევე მზესაც უკავშირდება, რაც ჩვენთვის, მზიან ქვეყანაში მცხოვრებთათვის, ძალზე საინტერესოა. მას ფოტოდაბერების თეორიას უწოდებენ http://www.marjani.ge/foto.html ფოტოდაბერება უფრო ხშირად ღია ფერის ადამიანებში შეინიშნება. ადამიანი ყოველდღიურად ფოტოსტრესს იღებს, მზის სხივების ზემოქმედებით კანი შრება, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, ფართოვდება სისხლძრღვები, რაც შესაბამისად აჩქარებს მის დაბერებას.
სტრესთან, და აქედან გამომდინარე დაბერებასთან, დაკავშირებულია ადამიანის ფსიქოემოციური სფეროც. ფსიქოსომატიკები, ანუ ადამიანები, რომლებსაც ზედმეტად მგრძნობიარე ცენტრალური ნერვული სისტემა აქვთ და ამის გამო თვითონაც უვითარდებათ იმ დაავადებათა სიმპტომატიკა, რასაც ხედავენ ან რომელთა შესახებაც ესმით. მაგალითად, თუკი გაიგეს, რომ საკვები, რასაც ისინი მოიხმარენ ან შემთხვევით წინა დღეს მიიღეს, მავნებელია, უვითარდებათ მოწამვლა. ეს ყოველივე სტრესია, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან მომდინარეობს.
კანი სტრესის სარკეა, ამიტომ კანს ყველაზე მეტად ემჩნევა დაბერება. მასზე აისახება ზოგადად ადამიანის სოციალური მდგომარეობა, უარყოფითი და დადებითი ემოციები, მზე და მისი გამოსხივება, მავნე ნივთიერებები, ცუდი საკვები, ცუდი წამალი და სხვ. ეს ყველაფერი დარტყმაა ორგანიზმისთვის, კანი კი საუკეთესო საშუალებაა გადავლილი სტრესების წარმოჩენისა. იმას რასაც ვერ ვხედავთ შინაგან ორგანოებში, ჩანს კანზე, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან საზღვარია შინაგან სტრუქტურასა და გარემოს შორის.
დგება ერთი პრობლემა, როგორ უნდა მივხვდეთ, რა ნიშანს გვაძლევს კანი? რისი სტრესის ქვეშ არის ორგანიზმი ან მისი რომელიმე ნაწილი? რათა ვიმკურნალოთ და შევამსუბუქოთ დატვირთვა და შესაბამისად გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა. სწორედ ამას ემსახურება ანტიდაბერების მედიცინა.