ტრიქოლოგია

თმა და თმის ცვენის პრობლემები თმის ცვენის კლინიკური ფორმები თმის დაბერება მეზოთერაპია ტრიქოლოგიაში

თმა და თმის ცვენის პრობლემები

თმა წარმოადგენს ადამიანის კანის ბუნებრივ საფარველს. თმა და ვარცხნილობა ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ჯანმრთელი და მოვლილი თმა თანამედროვე ადამიანის სავიზიტო ბარათია. თმა, რომელიც ოდესღაც წარმოადგენდა მხოლოდ თერმორეგულაციაში მონაწილე ერთ-ერთ ორგანოს, ფილოგენეზის პროცესში სოციალური კუთვნილების ორგანოდ იქცა.

თანამედროვე ადამიანი თმის საშუალებით გამოხატავს თავის შინაგან განწყობილებას, ხასიათს. თმასთან ასოცირებულია ადამიანის ფასეულობანი - ინდივიდუალურობა, სიძლიერე, დამოუკიდებლობა. ქალბატონებისთვის კი თმა წარმოადგენს სილამაზის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს.

თმის დაზიანება, სტრუქტურის დარღვევა და ცვენა მუდმივი განგაშისა და ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში. თმის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში, საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ სფეროზე, რაც აისახება მისი ცხოვრების ხარისხზე.

თმის მოვლა და სიჯანსაღე გამოხატავს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის ადამიანის ჯანმრთელობის  ერთ–ერთი ინდიკატორია. მასზე ზეგავლენას ახდენს, როგორც გარე სამყაროს მრავალი აგრესიული ფაქტორი, ასევე ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები.

თმა კანის დანამატია და ემორჩილება იმ ქრონობიოლოგიურ კანონებს, რასაც საკუთრივ კანი და მთელი ორგანიზმი.

დერმატოლოგიურ პრაქტიკაში ”თმის პრობლემას” საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, იმდენად, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა დემატოლოგიის ახალი ქვემიმართულება - ტრიქოლოგია (ბერძ. trichos-თმა, logos-სწავლება), რომელიც შეისწავლის თმას და თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებებს.

თმის დაავადებებზე მოდის ზოგადად კანის დაავადებათა 4%. ბოლო წლების განმავლობაში თმის დაავადებების დიაგნოსტიკა საკმაოდ წინ წავიდა. გარდა მიზანმიმართულად შეგროვებული ანამნეზისა, თავის თმიანი არის კანისა და თმის გულმოდგინე დათვალიერებისა, საბაზისო გამოკვლევად ითვლება ტრიქოგრამა - თმის ბოლქვის სტატუსის მიკროსკოპული კვლევა და აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანი ანალიზი - თმის ღერის გამოკვლევა მიკროელემენტებზე. თმის პრობლემების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას ემატება იმუნოლოგიური კვლევა. მიკრობიოლოგიურ კვლევის მეთოდებს მიმართავენ თმის სოკოვანი ან ბაქტერიული დაზიანების დროს.

ადამიანის კანის დაახლოებით 95% დაფარულია სხვადასხვა ტიპის თმით. თმა შედგება თმის ღერისა (თმის ნაწილი, რომელიც სცილდება კანის ზედაპირს) და თმის ბოლქვისგან (თმის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ფოლიკულში). თმის ფოლიკული ცილინდრული ფორმისაა, ეპითელიალური (კანის ზედა შრე) წარმონაქმნია და ღრმად არის ჩამჯდარი დერმაში (კანის შუა შრეში). თმასთან ყოველთვის დაკავშირებულია ცხიმოვანი და აპოკრინული საოფლე ჯირკვლები და თმის კუნთი.

ადამიანის თმის ერთ ფოლიკულს შესწევს უნარი ორგანიზმის მთელი სიცოცხლის მანძილზე „გაზარდოს“ თმა. კლინიკურად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თმის განვითარების ციკლის კონტროლს, რადგან პაციენტების უმრავლესობას თმის პათოლოგიები (თმის ცვენა, ჰირსრუტიზმი, ჰიპერტრიქოზი) აღენიშნებათ სწორედ თმის განვითარების ციკლის დარღვევით და არა თმის ფოლიკულის ფორმირების პირველადი დეფექტის გამო.

ადამიანის თმა  განვითერების სამ ფაზას გადის: ანაგენი - ზრდის ფაზა, კატაგენი - რეგრესული ცვლილებების ფაზა და ტელოგენი - დასვენების ფაზა, რასაც კვლავ მოსდევს ახალი ანაგენი და ასე მეორდება მთელი სიცოცხლის მანძილზე (იხ. ცხრილი). ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე, თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“, ამიტომაც სხვადასხვა თმის ღერი ერთსა და იმავე დროს  განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაში არის.

ფაზა

ფაზის დახასიათება

ხანგრძლივობა

%

ანაგენი

ზრდის ფაზა

1-6  წელი

80 %

კატაგენი

რეგრესის ფაზა

რამოდენიმე კვირა

1% -ზე ნაკლები

ტელოგენი

დასვენების ფაზა

3 -9 თვე

20 %

თმის ცვენა არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა. თმა სცვივა როგორც მამაკაცებს, ისე   ქალებს და ხშირად  ბავშვებსაც. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა? როდის არის საგანგაშო თმის ცვენა?

თავის თმიანი არე მოიცავს 100-150 ათასამდე თმის ღერს. ადამიანს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერი თმა სცვივა, ეს ფიზიოლოგიური ნორმაა.

გვახსოვდეთ, რომ თმის დაავადებათა მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია და ეფექტურია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ზუსტი დიაგნოსტიკა!

ანაგენის ფაზის დამოკლებას და კატაგენის ადრეულ დადგომას მივყავართ თმის ცვენის ისეთ უხშირეს პათოლოგიასთან, როგორიცაა ანდროგენული ალოპეცია, ბუდობრივი თმის ცვენა, ტელოგენური ალოპეცია და ა.შ. ამ დროს ადგილი აქვს ტელოგენის ფაზაში მყოფი თმის ფოლიკულების რაოდენობრივ ზრდას (20%-ით და მეტი), რაც ლაბორატორიულად ტრიქოგრამის საფუძველზე დასტურდება. პაციენტისთვის ეს შესამჩნევი ხდება რამოდენიმე კვირის შემდეგ და გამოვლინდება თმის ცვენის შესამჩნევი ზრდით.

ტრიქოგრამა - ეს არის თმის ღერის მიკროსკოპული კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ თმის ცვენის მასშტაბი და/ან მკურნალობის ეფექტურობა.

მისი მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა, ასევე დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შევაფასოთ ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.

დღეს მსოფლიოში მოსახლეობის 90%-ზე მეტი განიცდის მიკროელემენტების დეფიციტს, აქედან 30%-ს აღენიშნება მიკროელემენტოზები - ამა თუ იმ მინერალის დისბალანსთან დაკავშირებული დაავადებები, რაც ცხადია საჭიროებს ორგანიზმში მიკროელემენტების დონის განსაზღვრას.

აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტიკურ ბიოსუბსტრატებს შორის (სისხლი, შარდი, ფრჩხილები, კბილების დენტინი და ნერწყვი) თმას გააჩნია ყველაზე მაღალი ინფორმატიულობა ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებისა და ასევე ესენციური მიკროელემენტების დონის შესაფასებლად.

თმის კვლევა მიკროელემენტებზე  (მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში) შეუცვლელია იმ პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებთ კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, აკნე, ვიტილიგო, დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეა), თმის ცვენა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, იმუნოდეფიციტი და სხვა.

თმის სპექტრალური ანალიზის მეშვეობით ხდება 30 მიკროელემენტის  (Fe, Se, Ca, K, Cu, Zn, S, Br, Cl, V, Co, Cr, Mo, Mn,  As, Pb, Cd, Hg, Sr, Bi, Zr, Ti, Sb, W, Cs, Rb,  Au, Ba, Sn) დონის განსაზღვრა ორგანიზმში.