თანამედროვე მედიცინაში ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის ახალ მეთოდს – დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა – ოპტიკური ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება.
დერმატოსკოპია, წარმოადგენს მარტივ და არაინვაზიურ კვლევის მეთოდს, რომელიც კანის ახალწარმონაქმნების უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე ეს შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი. დერმატოსკოპიული კვლევის საშუალებით შესაძლებელია აღვწეროთ მნიშვნელოვანი დამატებითი დეტალები ახალწარმონაქმნის მორფოლოგიაში, რაც გვიადვილებს ან სულაც შესაძლებელს ხდის ზუსტი დიაგნოზის დასმას.
კლინიკა მარჯანში კვლევა ტარდება ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით.
როგორ ხდება ახალწარმონაქმნის დერმატოსკოპიული კვლევა?
დერმატოსკოპი დაკავშირებულია ციფრულ კამერასთან, ის თავის მხრივ კომპიუტერთან, ოპერატორი-დერმატოლოგი რეალურ დროში მონიტორზე ხედავს ახაწარმონაქმნის დერმატოსკოპიულ სურათს და იმახსოვრებს შესაბამის ციფრულ გამოსახულებას.
სპეციალური პროგრამა, დამახსოვრებული გამოსახულებების ეფექტური ადმინისტრირების საშუალებას იძლევა. ეს ციფრული დერმატოსკოპის მთავარი უპირატესობაა, რაც უზრუნველყოფს ახალწარმონაქმნის მარტივ მონიტორინგს. ერთი და იგივე ელემენტის გარკვეული დროის ინტერვალით გადაღებული დერმატოსკოპიული გამოსახულებების შედარება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მცირე ზომის, თითქმის შეუმჩნეველი კანის სიმსივნეების დიაგნოსტირება, მათში მიმდინარე ცვლილებებზე დაყრდნობით. ეს ასევე ამცირებს ბიოფსიის რაოდენობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავლობითი ხალების მქონე პაციენტებისთვის.
ციფრული დერმატოსკოპიის კიდევ ერთი უპირატესობაა, პაციენტის ჩართულობა კვლევის პროცესში. პაციენტი ექიმთან ერთად ხედავს გამოსახულებას და მას საშუალება ეძლევა დააკვირდეს კვლევის ობიექტს. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების ჩართულობა კვლევის პროცესში დადებითად აისახება მათ განწყობასა და დაკვირვებულობაზე.
მონიტორინგის ჩატარების ინტენსივობა წარმოადგენს სამიდან თორმეტ თვემდე პერიოდს. ინტერვალის დადგენა ხდება თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურად (3, 6 თუ 12 თვეში ერთხელ) პირველადად აღწერილი ახალწარმონაქმნის, კანის ფოტოტიპის, პირადი და ოჯახური ანამნეზისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
ახალწარმონაქმნების მონიტორინგის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათი გაავთვისებიანების აღმოჩენა მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება იმ მინიმალური ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც დოკუმენტირებულია გარკვეული დროის ინტერვალით ჩატარებული დერმატოსკოპიული კვლევის შედეგად. დერმატოსკოპიული მონიტორინგის გარეშე ”გაპარული” კანის სიმსივნეების დიაგნოსტირება, სამწუხაროდ, მხოლოდ იმ მომენტში ხდება, როდესაც სიმსივნე აღწევს შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ ცვლილებებს და შესაბამისად ზომებს, რაც მისი შორსწასულობის მაჩვენებელია.
კანის ახალწარმონაქმნის დერმატოსკოპიული სურათის აღწერისთვის კლინიკა „მარჯანის“ ექიმები იყენებენ Pattern Analysis ალგორითმს, რომელიც შემუშავებულია ჩვენი ავსტრიელი პარტნიორის პროფ. ჰ. კიტლერის მიერ.
აღსანიშნავია ასევე, რომ დერმატოსკოპიული კვლევის შედეგის მიხედვით პაციენტს მიეცემა მიმართვა შემდგომი გაღრმავებული კვლევისა თუ მკურნალობის ჩატარებისთვის. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით კლინიკა მარჯანში შესაძლებელია ჩატარდეს ელ. ქირურგია ან ქირურგიული კვეთა და განხორციელდეს ამოკვეთილი მასალის ჰისტოლოგიური კვლევა. ქირურგიულ ოპერაციებს ანხორციელებს კლინიკა მარჯანის ონკოქირურგი.