ტრიქოგრამა

თმის განვითარების ციკლის კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პაციენტების უმრავლესობას თმის პათოლოგიები აღენიშნებათ სწორედ თმის განვითარების ციკლის დარღვევით. ადამიანის თმა  განვითერების სამ ფაზას გადის: ანაგენი – ზრდის ფაზა, კატაგენი – რეგრესული ცვლილებების ფაზა და ტელოგენი – დასვენების ფაზა, რასაც კვლავ მოსდევს ახალი ანაგენი და ასე მეორდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე, თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“, ამიტომაც სხვადასხვა თმის ღერი ერთსა და იმავე დროს  განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაშია.

ანაგენის ფაზის დამოკლებას და კატაგენის ადრეულ დადგომას მივყავართ თმის ცვენის ისეთ უხშირეს პათოლოგიასთან, როგორიცაა ანდროგენული ალოპეცია, ბუდობრივი თმის ცვენა, ტელოგენური ალოპეცია და ა.შ. ამ დროს ადგილი აქვს ტელოგენის ფაზაში მყოფი თმის ფოლიკულების რაოდენობრივ ზრდას (20%-ით და მეტი), რაც ლაბორატორიულად ტრიქოგრამის საფუძველზე დასტურდება.

ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის. ტრიქოგრამის მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა. ტრიქოგრამა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შევაფასოთ ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X