სტრესი, იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომელიც გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების, რთული სიტუაციის  საპასუხოდ, წარმოიშობა ორგანიზმში. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფსიქიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება.

სტრესი, თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებით, პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. ტერმინი ინგლისური წარმოშობისაა  და  წნეხს, ზეწოლას ნიშნავს. ის აღებულია გეოლოგიიდან, სადაც აღნიშნავენ დაძაბულობას დედამიწის პლასტებს შორის.

სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი (სტრესორი) არსებობს, რომელიც სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს, ამიტომ სტრესის შესწავლისას გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებები.

სტრესი სხვადასხვანაირად ვლინდება: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის ცვლილებით, გაღიზიანებადობის და წუხილის მომატებით,  შეიძლება იყოს მარტოსულობის განცდა ან მარტოობის შიში. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, მადის, ძილის დარღვევები, დიარეა და ა.შ

განიხილება შემდეგი სტადიები:

განგაშის სტადია – ის უმთავრესად ისეთი ფიზიოლოგიური ცვლილებებით გამოიხატება, როგორებიცაა სისხლში ადრენალინის კონცენტრაციის მომატება, მაჯისცემისა და სუნთქვის გახშირება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, თვალის გუგების გაფართოება და ა.შ.

წინააღმდეგობის სტადია – ორგანიზმი იწყებს სტრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა შინაგანად განაგრძობს მის განკარგულებაში არსებული რეზერვების ხარჯვას.

გამოფიტვის სტადია – სტრესორის გახანგრძლივებული ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის განკარგულებაში არსებული რეზერვები კატასტროფულად მცირდება.

ქრონიკული სტრესი განსხვავდება ყოველდღიური სტრესისაგან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია, დაიძლიოს კონკრეტული გზებით, თუმცა როდესაც სტრესის მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება, ყალიბდება ქრონიკული სტრესი, რომლის დროსაც არის მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარემოს მოთხოვნილებების  და ინდივიდის მიერ რესურსების შეუსაბამობის აღქმით. ასევე, ეს არის მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან ინდივიდი გარემოს მოთხოვნილებებს აღიქვამს, როგორც საკუთრი რესურსებისათვის შეუფერებლად  მაღალს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X