კანის ბაქტერიოსკოპული კვლევა – დემოდექსი, მუნი, სოკოვანი დაავადებები და სხვა.
კანის პარაზიტული და სოკოვანი დაავადებები გამოწვეულია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმით, რომელიც ბინადრობს სხვა ორგანიზმზე, მის ხარჯზე საზრდოობს და პარაზიტობს კანში.
მუნი – ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია მუნის ტკიპა. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1 – 2 კვირაა.
დემოდეკოზი – კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს კანის პირობით პათოგენური ტკიპა. დემოდეკოზის დროს უფრო ხშირად ზიანდება ქუთუთოები, ცხვირის, ლოყების, ტუჩების მიდამო და ბოლოს თავის თმიანი ნაწილიც ერთვება. დემოდექსის ხელსაყრელი გარემოა ცხიმოვანი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული კანის ცხიმი, რომელშიც ტკიპა იკვებება და მრავლდება.
სოკოვანი დაავადებები – დღითიდღე მატულობს იმ სოკოთა რიცხვი, რომლებიც ადამიანისთვის პათოგენურია. ასეთი 300-მდე სახეობის სოკოა და თითოეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკურად გამოხატული სურათი აქვს. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ერთი ტიპის სოკოთი ან რამდენიმეთი ერთად. სოკოვანი დაავადების დიაგნოზი ემყარება: კლინიკურ სურათს, ბაქტერიოსკოპიულ ლაბორატორიულ კვლევას, რაც გულისხმობს დაზიანებული ადგილიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ კვლევას.