თმა და თმის ცვენის პრობლემები

თმის ცვენა არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა. თმა სცვივათ, როგორც მამაკაცებს, ისე   ქალებს და ხშირად  ბავშვებსაც. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა? როდის არის საგანგაშო თმის ცვენა?

ადამიანის თმის ერთ ფოლიკულს შესწევს უნარი ორგანიზმის მთელი სიცოცხლის მანძილზე „გაზარდოს“ თმა. კლინიკურად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თმის განვითარების ციკლის კონტროლს, რადგან პაციენტების უმრავლესობას თმის პათოლოგიები აღენიშნებათ სწორედ თმის განვითარების ციკლის დარღვევით და არა თმის ფოლიკულის ფორმირების პირველადი დეფექტის გამო. ადამიანის თმა  განვითერების სამ ფაზას გადის: ანაგენი – ზრდის ფაზა, კატაგენი – რეგრესული ცვლილებების ფაზა და ტელოგენი – დასვენების ფაზა, რასაც კვლავ მოსდევს ახალი ანაგენი და ასე მეორდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე, თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“, ამიტომაც სხვადასხვა თმის ღერი ერთსა და იმავე დროს  განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაშია.

ანაგენის ფაზის დამოკლებას და კატაგენის ადრეულ დადგომას მივყავართ თმის ცვენის ისეთ უხშირეს პათოლოგიასთან, როგორიცაა ანდროგენული ალოპეცია, ბუდობრივი თმის ცვენა, ტელოგენური ალოპეცია და ა.შ. ამ დროს ადგილი აქვს ტელოგენის ფაზაში მყოფი თმის ფოლიკულების რაოდენობრივ ზრდას (20%-ით და მეტი), რაც ლაბორატორიულად ტრიქოგრამის საფუძველზე დასტურდება. პაციენტისთვის ეს შესამჩნევი ხდება რამოდენიმე კვირის შემდეგ და გამოვლინდება თმის ცვენის შესამჩნევი ზრდით. თავის თმიანი არე მოიცავს 100-150 ათასამდე თმის ღერს. ადამიანს კი ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერი თმა სცვივა და ეს ფიზიოლოგიური ნორმაა.

ტრიქოგრამა – ეს არის თმის ღერის მიკროსკოპული კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ თმის ცვენის მასშტაბი და/ან მკურნალობის ეფექტურობა. მისი მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა, ასევე დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შევაფასოთ ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.

თმის სოკოვანი ან ბაქტერიული დაზიანების დროს კი ტარდება მიკრობიოლოგიური კვლევა.

დღეს მსოფლიოში მოსახლეობის 90%-ზე მეტი განიცდის მიკროელემენტების დეფიციტს, აქედან 30%-ს აღენიშნება მიკროელემენტოზები – ამა თუ იმ მინერალის დისბალანსთან დაკავშირებული დაავადებები, რაც ცხადია საჭიროებს ორგანიზმში მიკროელემენტების დონის განსაზღვრას.

აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტიკურ ბიოსუბსტრატებს შორის (სისხლი, შარდი, ფრჩხილები, კბილების დენტინი და ნერწყვი), თმას გააჩნია ყველაზე მაღალი ინფორმატიულობა ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებისა და ასევე ესენციური მიკროელემენტების დონის შესაფასებლად.

თმის კვლევა მიკროელემენტებზე  (მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში) შეუცვლელია იმ პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებთ კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, აკნე, ვიტილიგო, დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეა), თმის ცვენა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, იმუნოდეფიციტი და სხვა.

თმის სპექტრალური ანალიზის მეშვეობით ხდება ესენციალური მიკროელემენტების და ტოქსიკური ელემენტების (Fe, Se, Ca, Cu, Zn, Co, Cr, Mo, Mn, K, S, Br, Cl, As, Pb, Cd, Hg, Sr, Bi, Zr, Ti, Sb, Ag, V, Ni, Rb, Ba, Sn, Ga, Ge, Tl, , Y, Nb, In, W) დონის განსაზღვრა ორგანიზმში.

თმის ცვენის პრობლემების სპეციფიკიდან გამომდინარე, თმის ზრდის და ცვენის ციკლი და ასევე თმის ფოლიკულის სტრუქტურა ძალიან ხშირად დაკავშირებულია და/ან გამოწვეულია ენდოკრინული პრობლემებით, კერძოდ  ჰორმონული დისბალანსით: ტესტოსტერონის მაღალი დონე, სტრესით გამოწვეული კორტიზოლის მაღალი დონე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი ან მაღალი დონე.

თმის ცვენის პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. თმის ცვენის მკურნალობის პროცესში დერმატოლოგთან ერთად ენდოკრინოლოგის და ნუტრიციოლოგის ჩართვა უზრუნველყოფს პრობლემის უფრო სიღრმისეულ  შესწავლას, თმის ცვენის ზუსტი მიზეზის დადგენას და შესაბამისად კიდევ უფრო ეფექტურ მკურნალობას.

გვახსოვდეთ, რომ თმის დაავადებათა მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია და ეფექტურია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ზუსტი დიაგნოსტიკა!

თმის ცვენის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, თუ დავიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს, ავიმაღლებთ იმუნიტეტს, თავს დავიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian