თმის ცვენის კლინიკური ფორმები

თმის ცვენის რამოდენიმე კლინიკური ფორმა არსებობს:

  • ბუდობრივი თმის ცვენა (ტოტალური, უნივერსალური)
  • ანდროგენული თმის ცვენა მამაკაცებსა და ქალებში
  • ტელოგენური თმის ცვენა
  • დიფუზური თმის ცვენა
  • ნაწიბუროვანი თმის ცვენა

ბუდობრივი თმის ცვენა – ქრონიკული დერმატოზია, რომელიც ხასიათდება თმის პათოლოგიური ცვენით, განპირობებული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებით და ხასიათდება თმის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვით თავის თმიან არეში, წვერის, წარბების, წამწამების და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ბუდობრივი თმის ცვენა აუტოიმუნური გენეზის მულტიფაქტორული პათოგენეზის მქონე დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • სტრესი
  • ფიზიკური ტრავმა
  • თანდართული ინფექცია
  • კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები
  • ჭიებით ინვაზია
  • ნერვული სისტემის პათოლოგიები
  • ფარისებრი ჯირკვლების პათოლოგია
  • გენეტიკური განწყობა
  • აუტოიმუნური სტრესი
  • მიკროელემენტების ბალანსის დარღვევა

ანდროგენული ალოპეცია მამაკაცებსა და ქალებში

ეს დაავადება აწუხებს მამაკცების 65% და ქალების 25%. ის იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თმა ამ დროს ტერმინალური ფორმიდან ტრანსფორმირდება ღინღლოვანში, ე.ი. ხდება მათი “მინიატურიზაცია”. დაავადების მიზეზია მამაკაცის სასქესო ჰორმონები – ანდროგენები. ანდროგენული ალოპეციის პირველი ძირითადი ფაქტორი არის თმის ფოლიკულთან არსებულ ანდროგენულ რეცეპტორებზე თავისუფალი ტესტოსტერონის ზემოქმედება, რაც თრგუნავს და აფერხებს თმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. მეორე ფაქტორია ანდროგენების მეტაბოლიზმში მონაწილე სფეციფიური ცილების დისბალანსი. რა თქმა უნდა არ შეიძლება გარემო ფაქტორების როლის იგნორირებაც, კერძოდ, კვების ხასიათი, ნერვული სისტემის მდგომარეობა და სხვა.

ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებითვის და ქალებისთვისაც, არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით.

მამაკაცებში ეს პროცესი იწყება თხემ-საფეთქლის არეში თმის გათხელებით, შუბლის ხაზი ირღვევა, შუბლი ხდება უფრო მაღალი. თანდათან ღრმავდება საფეთქლის ორმხრივი  შემელოტების ადგილი, შემდგომ თხემის მიდამო და გვირგვინის არე. ზოგიერთ მამაკაცს ღინღლოვანი თმა თხემის მიდამოში დიდხანს უნარჩუნდება. დაავადების პროგრესის სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე.

ქალებში ფრონტალური (შუბლის) ხაზი არ ირღვევა, თხემის მიდამოში თმის სტრუქტურა ღინღლოვანია და დიფუზურად გათხელებული, დამახასიათებელია თმის გაყოფის ადგილის გაფართოვება. ეს პროცესი დუნედ მიმდინარეობს, უფრო მკვეთრად გამოხატულია მენოპაუზის შემდეგ, რადგან ვითარდება ე.წ. შეფარდებითი ანდროგენემია.

ტელოგენური ალოპეცია

ტელოგენი არის თმის განვითარების ფაზა, როდესაც თმის ბოლქვი შორდება დვრილოვან ზონას. თმა ნელ-ნელა კანის ზედაპირისკენ იწევს და ცვივა, იმავდროულად თმის ფოლიკულში ახალი თმა ჩაისახება და ყველაფერი თავიდან მეორდება.

არახელსაყრელი პირობების ზემოქმედებით, შესაძლებელია დაირღვეს თმის განვითარების ნორმალური მიმდინარეობა, რის გამოც ტელოგენში გადადის ჩვეულებრივზე ურფო მეტი რაოდენობის თმა. გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს სტრესი, მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ინფექციური დაავადებები, ოპერაციები, ორსულობა, მშობიარობა, აბორტი, სხვადასხვა მედიკამენტების მიღება, ორგანიზმის გადატვირთვა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  ცვენა იწყება დაახლოებით 3-6 თვის შემდეგ, ამიტომ პაციენტისთვის საკმაოდ ძნელია გაიხსენოს რა არის თმის ცვენის მიზეზი, ხშირად მიზეზი ბოლომდე უცნობი რჩება, მოგვიანებით თვითონ ფაქტი თმის ცვენისა ხდება სტრესის მიზეზი და ყალიბდება მანკიერი წრე.

დიფუზური ალოპეცია

ადამიანს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერი თმა სცვივა, ეს ფიზიოლოგიური პროცესია. თუმცა,  გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ზოგჯერ თმა მეტად ცვივა (1000 ღერამდე დღეში), რასაც მივყავართ დიფუზურ ალოპეციამდე. დიფუზური ალოპეციის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ თმა ცვენას წყვეტს და ზრდას განაგრძობს.

დიფუზური ალოპეციის მიზეზებია:

  • ენდოიკრინული დაავადებები (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი, ჰიპოფიზის ფუნქციის შემცირება, ჰიპერკორტიციზმი და ა.შ.);
  • დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღება (ციტოსტატიკები,  ანტიკოაგულიანტები, D-პენიცილამინი, თირეოსტატული პრეპარატები, რეტინოიდები, ანტიმალარიული საშუალებები, კონტრაცეპტივები და სხვა;
  • ემოციური და ფიზიკური სტრესი (ფეხმძიმობა,  ტრავმა, ცხელება);
  • ეგზოგენური და მეტაბულური ჰიპოპროტეინემია, მათ შორის სისხლის დაკარგვა, შიმშილი და მკაცრი დიეტა;
  • ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი;
  • რკინის, თუთიის და სხვა მინერალების დეფიციტი;
  • ავთვისებიანი დაავადებები – სხივური ან ქიმიოთერაპია.

ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბური არის სხვადასხვა დაზიანების გამო (ენდოგენური ფაქტორები, ტრამვა, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა და სხვა)  წარმოქმნილი კანის დეფექტის შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლების შედეგი.  სხეულის ხილულ ნაწილზე, განსაკუთრებით სახეზე და თავის თმიან ნაწილზე ლოკალიზაციისას, ნაწიბურები ხშირად ხდებიან ფუნქციონალური და ესთეტიკური დეფექტების მიზეზი.

კანის ნაწიბუროვანი გადაგვარება თავზე ხშირად იწვევს გამელოტებული უბნების წარმოქმნას. ასეთი ტიპის  ალოპეციას ჰქვია მეორადი – ნაწიბუროვანი ალოპეცია.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian