დერმატოქირურგია

კანზე ახალი ელემენტის – წარმონაქმნის გაჩენის შემთხვევაში პაციენტი უპირველესად მიმართავს ექიმ დერმატოლოგს. სწორედ დერმატოლოგიის ერთ-ერთი მნიშნელოვანი განხრაა დერმატოონკოლოგია – მედიცინის მიმართულება, რომელიც შეისწავლის კანის ახალწარმონაქმნებს და სიმსივნური განვითარების პათოლოგიებს, რაც დღეისათვის  ძალიან აქტუალური პრობლემაა.

დერმატოლოგია და დერმატოონკოლოგია თერაპიულ მკურნალობასთან ერთად ითავსებს ქირურგიულ მეთოდებსაც. ასე შეიქმნა ახალი მიმართულება – დერმატოქირურგია.

დერმატოქირურგია დინამიურად განვითარებადი დისციპლინაა, ამოცანების ფართო სპექტრით: ახალწარმონაქმნები, კანის ტრავმები, დამწვრობა, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთებით-ჩირქოვანი დაავადებები, კანის სხვადასხვა დეფექტები, მათ შორის ნაწიბურები და მათი კორექცია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები – მელანომა, ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. ცხადია, როდესაც საქმე ეხება კანის სიმსივნეებს დერმატოქირურგისთვის აუცილებელია დერმატოონკოლოგის დასკვნა, რომელიც ეფუძნება კლინიკურ და  ოპტიკურ ციფრულ  დერმატოსკოპიულ კვლევას. დერმატოქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები და ხშირი პრობლემა სწორედ  კანის კიბოა, რადგან მისი ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება და ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სიმსივნედ ყალიბდება.

კანის კიბო წარმოადგენს სიმსივნეებს, რომელთა განვითარების დროს ხდება კანის ნებისმიერი ტიპის უჯრედის არაკონტროლირებადი გამრავლება, მაშინ როდესაც ნორმის პირობებში კანის რეგენერაცია ხორციელდება უჯრედების კონტროლირებადი რეპლიკაციით – გამრავლებით. კანის კიბოს თითოეულ ტიპს აქვს უნიკალური მახასიათებლები.

კანის სიმსივნე კლასიფიცირდება აგრეთვე პაციენტის ასაკის საფუძველზეც, ასეთი კლასიფიკაცია გვეხმარება სხვადასხვა კატეგორიის ასაკისათვის დამახასიათებელი სიმსივნეების სწრაფ დიფერენცირებაში. ამ კლასიფიკაციაში შედის ვირუსული მეჭეჭებიც, რადგან ხშირად საჭირო ხდება მათი გამოყოფა კანის სიმსივნეებისაგან.

  • ბავშვთა კანის სიმსივნეები (ვირუსული მეჭეჭები, შიდადერმალური ტიპის ნევუსი, კონტაგიოზური მოლუსკი, ჰემანგიომები, ჰიოგენური გრანულომა, ქსანთოგრანულომა)
  • მოზრდილთა კანის სიმსივნეები (ვირუსული მეჭეჭები, ტერფის მეჭეჭები, ნევუსი, კისტები, რბილი ფიბრომები, კანის პაპოილომები, ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია, ჰისტიოციტომა, კელოიდები, ლიპომა, ჰიოგენური გრანულომა)
  • ასაკოვანთა კანის სიმსივნეები (სებორეული კერატომები, აქტინური კერატომები, კაპილარული ჰემანგიომები, ბაზალურუჯრედოვანი კიბო, ლეიკოპლაკია)

ჩვეულებრივ კანის ახალწარმონაქმნები არავითარ მკურნალობას არ მოითხოვს. დერმატოსკოპიული კვლევის შედეგად საეჭვოდ მიჩნეულ შემთხვევებში ნაჩვენებია ქირურგიული ამოკვეთა, შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევით. დერმატოონკოლოგების უმრავლესობა სწორედ ქირურგიულ ამოკვეთას ირჩევს, რადგან რეციდივის რისკი მინიმალურია და ოპერაციის შედეგად ამოიკვეთება არა მარტო მთლიანად სიმსივნე, არამედ კანის ერთი შეხედვით ჯანმრთელი უბანი, რომლის ზომაც ინდივიდუალურად განისაზღვრება კონკრეტული წარმონაქმნის ტიპისა და კლინიკის მიხედვით.

ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული კანის ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათებს განკურნების მაღალი ხარისხი. მისი ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში წარმოადგენს სტანდარტულ მკურნალობას, ხოლო კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შორსწასული შემთხვევების (II-IV სტადიების) მკურნალობა გაცილებით რთულია, რადგან ხშირად მოითხოვს ფართომასშტაბიან, ”დამასახიჩრებელ” ქირურგიულ ამოკვეთას, ხოლო მეტასტაზირების შემთხვევაში ხანგრძლივ მკურნალობას.

კანის სიმსივნეების ქირურგიულ მოცილებას, სხვა ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით გარკველი უპირატესობა გააჩნია:

  • მკურნალობისა და აღდგენის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა
  • თავიდან ვიცილებთ სხივური თერაპიის უარყოფით მოვლენებს, კერძოდ, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის დამწვრობას, განსაკუთრებით ცხვირის, ყურების, ლოყებისა და თითების მიდამოში, რაც თავისმხრივ ნაწიბურების გაჩენას იწვევს
  • ზოგიერთი ხანგრძლივად არსებული კანის სიმსივნე ტოლერანტულია სხივური თერაპიის მიმართ

დერმატოქირურგიული ოპერაციისთვის მზადება პაციენტის მომზადებით იწყება, პაციენტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ქირურგიული ჩარევის ამოცანისა და შესაძლო რისკის შესახებ. ასევე საჭიროა ვაცნობოთ არსებული ალტერნატიული თერაპიული ან არაინვაზიური ქირურგიული მკურნალობის შესახებ, მაგალითად, როგორიცაა სხივური თერაპია, კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია და გავაცნოთ მათი პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.

დერმატოქირურგიული ოპერაციების დროს ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ანესთეზია – ანესთეტიკის არჩევა და მისი გამოყენების მეთოდი, რაც დამოკიდებულია ქირურგზე და პაციენტის მდგომარეობაზე. ამ დროს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ტექნიკური მხარე და ოპერაციის მოცულობა, არამედ პაციენტის ასაკი და ემოციური განწყობა. აღსანიშნავია რომ, ოპერაციის ჩატარებისას უკეთესი შედეგი და ნაკლები გართულება მიიღწევა ადგილობრივი ან რეგიონალური ანესთეზიით, რადგან ამ დროს ქირურგს აქვს პაციენტთან ურთიერთობის საშუალება, რაც ოპერაციის მსვლელობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოზის დასმა ხდება კანის ოპტიკური დერმატოსკოპიისა და სიმსივნეებისთვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით. დიაგნოზის დაზუსტება და დადასტურება კი შესაძლებელია პოსტოპერაციული კვლევის – ჰისტომორფოლოგიის საფუძველზე. ჰისტომორფოლოგიური კვლევა არის ბიოლოგიური ქსოვილების მიკროსკოპული კვლევის მეთოდი და ეხება ცალკეული სტრუქტურების შესწავლას, რომლებიც ქმნიან უჯრედს და მათ ერთობლიობას.

იმუნოჰისტოქიმია  ითვლება ჰისტომორფოლოგიური კვლევის მოწინავე ფორმად. იმუნოჰისტოქიმია ჩვეულებრივ არ გამოიყენება თავდაპირველად, მაგრამ ტარდება მაშინ, როდესაც რუტინული/რეგულარული ჰისტოლოგიური ტესტირება არასაკმარისია დიაგნოზის დასადგენად.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian