ყოველ ადამიანს აქვს კანზე ლაქები, ხალები (პიგმენტური ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსები) ან სხვა წარმონაქმნები. ზოგი მათგანი თანდაყოლილია, მაგალითად, ხალები და ლაქები, ზოგიც შეძენილი. კანის ახალწარმონაქმნების სამი ძირითადი სახეობა არსებობს: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (კიბოში გადაზრდის საშიშროება) და ავთვისებიანი. ახალწარმონაქმნები მოითხოვს დიაგნოსტირებას და პერიოდულ მონიტორინგს, რათა არ გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.
აღსანიშნავია, რომ კანის კიბოს ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება მსოფლიო მასშტაბით და იგი ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სიმსივნედ ყალიბდება.
კანის სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ დააავადების შორეული გამოსავალი და შევამციროთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
უკანასკნელ წლებში მსოფლიოში ინერგება კანის კიბოს სკრინინგის მარტივი და იაფი მეთოდი – დერმატოსკოპიული კვლევა. გერმანიასა და ავსტრალიაში ჩატარებული პოპულაციის სკრინინგის შედეგებმა ცხადყო მისი ეფექტურობა და დადებითი რეკომენდაციები დაიმსახურა. თანამედროვე მედიცინაში ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის სწორედ ამ ახალ მეთოდს – დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა – ოპტიკური ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება.
მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგს ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნეების განვითარების რისკი. საქართველო სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
კანის ახალწარმონაქმნების დერმატოსკოპიული დიაგნოსტიკა და აღნიშნული მეთოდით კვლევა ხორციელდება კანის კიბოს ადრეული გამოვლენისთვის, რაც 95%-ანი სიზუსტით ხასიათდება.
სკრინინგი წარმოადგენს დაავადების ადრეულ, უსიმპტომო პერიოდში გამოვლენის მეთოდს. სკრინინგის დროს გამოვლენილი კანის სიმსივნე, როგორც წესი (არა ყოველთვის) განვითარების ადრეულ სტადიაზეა და მისი ეფექტური მკურნალობის გაცილებით მაღალი შანსი არსებობს. სკრინინგის მიზანს წარმოადგენს ადრეულ სტადიაზე გამოვლენილ პაციენტებში კიბოს გვიანი სტადიების განვითარების შეჩერება და/ან კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის შემცირება.
ახალწარმონაქმნების შეფერილობისა და ზომის ცვლილება მარტივი ამოსაცნობია მოსახლეობისთვის მისაღები, არაინვაზიური და იაფი სკრინინგის საშუალებით. სკრინინგ ტესტს – დერმატოსკოპიულ კვლევას, გააჩნია მაღალი მგრძნობელობა პრეკლინიკური შემთხვევების აღმოჩენისა (მგრძნობელობა) და ასევე სწორად ახდენს ნეგატიური შემთხვევების კლასიფიცირებას. ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებული კანის ავთვისებიან სიმსივნეებს ახასიათებს განკურნების მაღალი ხარისხი. მისი ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში წარმოადგენს სტანდარტულ მკურნალობას, ხოლო კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შორსწასული შემთხვევების (II-IV სტადიების) მკურნალობა გაცილებით რთულია, ხშირად მოითხოვს ფართომასშტაბიან, ”დამასახიჩრებელ” ქირურგიულ ამოკვეთას, ხოლო მეტასტაზირების შემთხვევაში ხანგრძლივ მკურნალობას, რაც ხშირად აბსოლუტურად უიმედოა. კანის ავთვისებიანი სიმსივნეები აკმაყოფილებს სკრინინგის მოთხოვნებს და ექვემდებარება მათ ადრეულ დიაგნოსტიკას. დერმატოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ კანის რეგულარული დათვალიერება მნიშვნელოვანია კანის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა, როგორც ამ დაავადების პირველადი პრევენციის ერთ-ერთმა საუკეთესო მეთოდმა.