კანისა და რბილი ქსოვილების ონკოქირურგია ხასიათდება ფართო სპექტრით:
პაციენტის დერმატოონკოლოგთან ან დერმატოლოგთან მიმართვის დროს აუცილებელია მთლიანი კანის საფარის და ხილული ლორწოვანი გარსის დათვალიერება. აგრეთვე აუცილებელია დადგინდეს პაციენტის ფოტოტიპი – კანის, თმის და თვალების ფერი და ჭორფლების არსებობა. აუცილებელია ყურადღებით დათვალიერდეს პაციენტის კანზე არსებული ყველა ახალწარმონაქმნი და არა მარტო ის, რომელზედაც პაციენტი მიუთითებს. აგრეთვე აუცილებელია დაწვრილებით ანამნეზის (ისტორიის) შეკრება.
როდესაც საქმე ეხება კანის სიმსივნეებს ონკოქირურგისთვის აუცილებელია დერმატოლოგის დასკვნა, რომელიც ეფუძნება კლინიკურ და ციფრულ, ოპტიკურ დერმატოსკოპიულ კვლევას. ეს არის მარტივი და არაინვაზიური კვლევის მეთოდი, რომელიც კანის ახალწარმონაქმნების უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით. ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ონკოდერმატოლოგი რეალურ დროში მონიტორზე ხედავს ახალწარმონაქმნის დერმატოსკოპიულ სურათს და იმახსოვრებს შესაბამის ციფრულ გამოსახულებას, რაც უზრუნველყოფს ახალწარმონაქმნის მარტივი მონიტორინგის საშუალებას. ერთი და იგივე ელემენტის გარკვეული დროის ინტერვალით გადაღებული დერმატოსკოპიული გამოსახულებების შედარება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მცირე ზომის, თითქმის შეუმჩნეველი კანის სიმსივნეების დიაგნოსტირება, მათში მიმდინარე ცვლილებებზე დაყრდნობით. ეს ასევე ამცირებს ბიოფსიის რაოდენობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავლობითი ხალების მქონე პაციენტებისთვის. ციფრული დერმატოსკოპიის კიდევ ერთი უპირატესობაა პაციენტის ჩართულობა კვლევის პროცესში. ჩვეულებრივი დერმატოსკოპიის გამოყენების დროს პაციენტი ვერ ხედავს გამოსახულებას, ხოლო ციფრული დერმატოსკოპია მას საშუალებას აძლევს ექიმთან ერთად დააკვირდეს კვლევის ობიექტს. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების ჩართულობა კვლევის პროცეში დადებითად აისახება მათ განწყობასა და დაკვირვებულობაზე.
მონიტორინგის ჩატარების ინტენსივობა ანუ ინტერვალის დადგენა, ხდება თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად (3, 6 თუ 12 თვეში ერთხელ) პირველადად აღწერილი ახალწარმონაქმნის, კანის ფოტოტიპის, პირადი და ოჯახური ანამნეზისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დერმატოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ კანის რეგულარული დათვალიერება მნიშვნელოვანია კანის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
თანამედროვე მედიცინის მიდგომით რისკის შემცველი ნევუსები მთლიანად უნდა ამოიკვეთოს. თუ პაციენტი მოზრდილია, უნდა განვუმარტოთ, როგორია რისკი, ოპერაციის ტექნიკური დეტალები და მოსალოდნელი კოსმეტიკური ეფექტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ხშირად კლინიკური სურათი, ზომები, სიღრმე, ლოკალიზაცია და მასთან დაკავშირებული ესთეტიკური პრობლემები ინდივიდუალურია და კონკრეტულ განხილვას მოითხოვს.
კანის კიბოს კლინიკური და დერმატოსკოპული კვლევის შემდეგ თუ წარმონაქმნზე შეინიშნება საეჭვო ნიშნები, საჭიროა პაციენტს ჩაუტარედეს ბიოფსია და მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა.
კლინიკო-დერმატოსკოპიულად მელანომაზე საეჭვო ელემენტის ქირურგიული ამოკვეთა ხდება 2-3 მმ-ით ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში და იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე. წარმონაქმნის ნაწილობრივი ბიოფსია არ არის რეკომენდირებული, რათა ჰისტომორფოლოგს მიეცეს საშუალება სრულად შეისწავლოს დაზიანებული ქსოვილი, მაგრამ დიდი ზომის სიმსივნეების დროს ეს მისაღებია. ჰისტომორფოლოგიური კვლევა შეიძლება იყოს რთული და არასაკმარისი და საჭირო გახდეს იმუნოჰისტოქიმიური კვლევის წარმოება. სწორედ მიღებული პასუხის საფუძველზე ხდება სტადიურობის დადგენა და მკურნალობისა და მეთვალყურეობის ტაქტიკის შემუშავება.
ხალის მოცილება ხდება ორი პირობით – თუ იგი წარმოადგენს ონკოლოგიურ ჩვენებას ან კოსმეტიკურ პრობლემას. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ექიმი დერმატოონკოლოგი და არავითარ შემთხვევაში კოსმეტოლოგი. რაც შეეხება მისი მოცილების მეთოდს, არჩევანს პაციენტი აკეთებს ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
აღსანიშნავია რომ პაციენტები სულ უფრო მომთხოვნები ხდებიან არა მარტო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის, არამედ კოსმეტიკური შედეგების მიმართაც, ამიტომ როგორც ოპერაციამდე ისე ოპერაციის შემდგომ ობიექტიური ანალიზი კეთდება, რაც ეფუძნება დერმატოსკოპულ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში ჩატარებულ მონიტორინგს, პათომორფოლოგიას და ოპერაციის შემდეგ გამოყენებულ უახლეს ტექნოლოგიებს დერმატოკოსმეტოლოგიისა და ესთეტიკის სფეროში.
კანისა და რბილი ქსოვილების ოპერაციების დროს ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ანესთეზია – ანესთეტიკის არჩევა და მისი გამოყენების მეთოდი. აღსანიშნავია რომ, ოპერაციის ჩატარებისას უკეთესი შედეგი და ნაკლები გართულება მიიღწევა ადგილობრივი ან რეგიონალური ანესთეზიით, რადგან ამ დროს ქირურგს აქვს პაციენტთან ურთიერთობის საშუალება, რაც ოპერაციის მსვლელობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
ყურადღება !!!
მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში, რადგან ახალწარმონაქმნი თქვენს სხეულზე განიცდის ცვლილებებს.