კლინიკა ”მარჯანი” დაარსდა 2001 წელს
მარჯანი მოწითალო ფერის ძვირფასი ქვაა. საქართველოში მას, როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სამკაულად იყენებდნენ. ჩვენი კლინიკის სახელიც ამ პრინციპით შეირჩა, რადგან სამედიცინო ცენტრ ”მარჯანს” ორგვარი დანიშნულება აქვს – სამკურნალო და ესთეტიკური.
კლინიკა ”მარჯანი” მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: დერმატოვენეროლოგია, ტრიქოლოგია, დერმატოონკოლოგია, დერმატოქირურგია, ფიზიოთერაპია, ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ფსიქოთერაპია, დერმატოკოსმეტოლოგია და ანტიდაბერების მედიცინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება.
კლინიკა ”მარჯანი” ეფექტურად მოღვაწეობს ყველა მიმართულებით და გარდა სამკურნალო საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში.
კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს, ლაბორატორიულ კვლევებს, პროფესიონალური კოსმეტიკის უახლეს მიღწევებს და ცენტრის მრავალწლიანი მუშაობისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდოლოგიებს.
კლინიკა ”მარჯანის” მოღვაწეობის მოკლე ისტორია ასეთია:
2003 წ. – კლინიკა ”მარჯანის” ბაზაზე შეიქმნება და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს დერმატოკოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები.
2004 წ. – ”მარჯანმა” პირველად საქართველოში ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია ”დერმატოკოსმეტოლოგია XXI საუკუნე”, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალი დარგის, დერმატოკოსმეტოლოგიის, მეცნიერულ და პრაქტიკულ განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარები მეზოთერაპიაში (Dr.Philippe Petit, ე.ბ. ეროპკინა) და მასტერკლასები (Maria Galland, Perl de Merr). კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალში ”ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” (2004, N3), რომლის ერთი ნომერი დაეთმო კონფერენციაზე გაშუქებულ თემებს.
2005 წ. – ”მარჯანს” კვლავ ეწვია მეზოთერაპიის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, Dr.Philippe Petit. მან პრაქტიკულ მეცადინეობასთან ერთად ჩაატარა თეორიული კურსი – ”მეზოთერაპია ზოგად მედიცინასა და ესთეტიკაში”. ქართველ ექიმებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა ცნობილ ესთეთიკურ ცენტრებში და კლინიკებში მოღვაწეობენ, სწორედ ”მარჯანმა” მისცა შანსი საქართველოში დაუფლებოდნენ იმ დროისთვის უახლეს ტექნიკას – მეზოთერაპიას და მიეღოთ მეზოთერაპიის სერტიფიკატი Dr.Philippe Petit ხელმოწერით.
2007 წ. – ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით შეიქმნა ორი ასოციაცია ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია” და ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაცია”, რომლის საპატიო წევრია მარჯანის პარტნოირი და უკვე მეგობარი Dr.Philippe Petit . ამავე წელს ტარდება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია თემაზე ”დერმატოვენეროლოგია ანტიდაბერების მედიცინაში”, სადაც მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები, კლინიკა ”მარჯანის” მთავარი ექიმის პროფ. ნატა კილაძის ხელმძღვანელობით.
2008 წლის 18 ივნისს – თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში კლინიკა ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით ჩატარდა ორი ასოციაციის – ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია” და ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაციის” პრეზენტაცია/კონფერენცია. ცხადია კონფერენციას სტუმრობდა Dr.Philippe Petit და საქართველოს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები.
2012 წლის 17 ოქტომბერს – ქ. თბილისში, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”ანტიდაბერების პროგრამა და ესთეტიკური მედიცინა” კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: კლინიკა ”მარჯანი”, ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაცია”, ასოციაცია ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია”, და ”საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია”. კონფერენციაზე მოწვეული იყო კლინიკის მუდმივი სტუმარი Dr.Philippe Petit , რომელმაც კონფერენციის შემდეგ კონსულტაციებიც ჩაატარა.
2012 წლის ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაციის” ინიციატივით და Dr.Philippe Petit თანხმობით, სამედიცინო ცენტრი „მარჯანის“ ბაზაზე, შეიქმნა მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები, რომელიც გასცემს ქართულ-ფრანგულ სერთიფიკატს დოქტორი Dr.Philippe Petit -ის ხელმოწერით.
2012 წელს – კლინიკა მარჯანის ექიმი თეონა შულაია, მონაწილეობს დერმატოლოგების სემინარში ზალცბურგში და კვალიფიკაციას იმაღლებს ავსტრიაში ქ. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფ. ჰარალდ კიტლერთან დერმატოსკოპიის სფეროში. ამავდროულად, ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით ასევე იქმნება ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია, რომელმაც წარადგინა პროექტი – ”ე-ჯანმრთელობის და მ-ჯანმრთელობის აპლიკაციები ტელედერმატოლოგიისათვის.
პროექტი გულისხმობს კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკას და პაციენტთა მონიტორინგს, ციფრულ ოპტიკურ დერმატოსკოპიაზე დაყრდნობით და ორიგინალური ალგორითმის – სტრუქტურის ანალიზის (pattern analysis) გამოყენებით. პროექტი წარდგენილი იყო აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ), 2013 წლის ერთობლივ კონკურსზე. გამარჯვებული პროექტი განხორციელდა თბილისში, კლინიკა „მარჯანის“ ბაზაზე და ასევე აჭარისა და კახეთის რეგიონებში. ასოციაციის ძირითადი მისიაა – საქართველოში კანის კიბოს მართვის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს: კანის კიბოს პრევენციას, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის დანერგვას და პოპულარიზაციას.
2014 წლის 10-12 ივლისს ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია და ”მარჯანის” ექიმები მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მიერ მოწყობილ გამოფენაში „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის“ რომელიც საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia” -ში ჩატარდა.
2014 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონგრესი – ”დერმოსკოპიის, კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის და მობილური ტელედერმატოსკოპიის პირველი კონგრესი საქართველოში”, რომელიც მიეძღვნა კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებს. კონფერენციაზე წარდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში მიღებული კვლევის შედეგები. კონფერენციაზე მოწვეულმა ავსტრიელმა და პოლონელმა სტუმრებმა ჩაატარეს ლექცია/პრეზენტაცია (მასტერკლასი) თემაზე – ოპტიკური და მობილური ტელედერმატოსკოპიის შესაძლებლობები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ”მარჯანის” თანამშრომლებმა პროფ. ნატალია კილაძემ და თეონა შულაიამ ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნეს პროფ. ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელო ”დერმატოსკოპია”, რომელიც 2014 წლის აპრილის ბოლოს დაიბეჭდა. კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა აღნიშნული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.
2015 წლის 16-18 აპრილს ქ. ვენაში ტარდება დერმატოსკოპიის მე-4 მსოფლიო კონგრესი- IDS 2015, თეონა შულაია და ნატალია კილაძე მიწვეულნი არიან საპატიო სტუმრის სტატუსით, რათა მოახსენონ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩატარებული დერმატოსკოპიური კვლევის შედეგები და მიღებული გამოცდილება. აღნიშნულ კონგრესზე დერმატოონკოლოგი თეონა შულაია მონაწილეობდა, როგორც მომხსენებელი. მოხსენების თემა – „დერმატოსკოპური სკრინინგი საქართველოში“, კონგრესის პლენარული სესიის “დერმატოსკოპია მსოფლიოში II “ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.
2016 წლის 12-14 მაისს ჩატარდა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია „დერმატოლოგიის თანამედროვე ასპექტები და დერმატოსკოპია კანის დაავადებების დიაგნოსტიკის ოპტიმიზაციაში“
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სემინარი-მასტერკლასი „დერმატოსკოპიის სკოლა – კანის კიბო“, რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: Philipp Tchandle, (Dept. of Dermatology Medical University of Vienna), Cliff Rosendahl, MD, PhD, University of Queesland, Australia და Simon Clark MD, PhD, (New Zeland ) რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროში მომუშავე ექიმი კოლეგებისთვის.
2017 წლის 16-17 სექტემბერს ტარდება მე-3 საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი „კანის კიბოს სკოლა: დერმატოსკოპია წარმატების გარანტი დერმატოონკოლოგიაში “
კონფერენციის თემა: დერმატოლოგიის აქტუალური ასპექტები, დერმატოსკოპია ინოვაციური კვლევის მეთოდი, კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საკითხები, მონიტორინგი, პრევენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის (დერმატოლოგია, ონკოლოგია, ონკოქირურგია, ზოგადი ქირურგია და ზოგადი პროფილის) წამყვანმა სპეციალისტებმა, როგორც საქართველოს მასშტაბით (იგულისხმება ქ. თბილისი და რეგიონები: აჭარა, კახეთი და სხვ.) ასევე მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტებმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: Cliff Rosendahl MD, PhD, (Australia, University of Queesland); Alan Cameron MD, PhD, (Brisbane Queensland, Australia); Simon Clark MD, PhD, (New Zeland); Rhett Drugge MD, PhD, (Stamford, Connecticut, United States); Jean-Yves Gournant MD, PhD, (France); Harald Kittler, MD, PhD (Dept. of Dermatology Medical University of Vienna, Austria); Nisa Bengu Akay, MD, PhD, (Turkey, Ankara); Cengizhan Erden MD, PhD, (Turkey, Ankara); Agata Bulinska (Poland, Great Britain); Michal Lewandowych (Poland); John Pyne (USA).
2018 წლის 14-16 ივნისს გაიმართა დერმოსკოპიის მე-5 მსოფლიო კონგრესი სალონიკში, საბერძნეთი. სადაც თეონა შულაია და ნატალია კილაძე მიწვეულნი არიან საპატიო სტუმრის სტატუსით. თეონა შულაიამ გააკეთა მოხსენება “კანის არამელანომური კიბოს” შემთხვევებზე
2019 წლის 10 – 15 მაისს გაიმართა დერმოსკოპიის საერთაშორისო კონგრესი და მასტერკლასი ქ. ლვოვში, უკრაინა, სადაც მიწვეულნი არიან თეონა შულაია და ნატალია კილაძე საპატიო სტუმრის სტატუსით.
2023 წელს კლინიკა მარჯანი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის ,,დერმატოვენეროლოგია” „კლინიკა ბაზა“. კლინიკა მარჯანი უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების ჩატარებას.