დერმატიტი და ეგზემა

დერმატიტი და ეგზემა კანის ანთებითი დაავადებაა, მის გამომწვევ მიზეზებად მიიჩნევენ სხვადასხვა გარეგან და შინაგან გამაღიზიანებელ ფაქტორებს, რომლებიც კანზე აისახება და იწვევენ კანის ანთებით რეაქციას.

დერმატიტები უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია კანის კონტაქტით გარეგან, როგორც ფიზიკურ ისე ქიმიურ გამაღიზიანებელ ფაქტორებთან: დამწვრობა, მოყინვა, კლიმატური ფაქტორები, სტრესი, ქიმიური დამწვრობა, ქიმიური ნივთიერებები, კონტაქტური ალერგენები, კვებითი ალერგენები, სამკურნალო პრეპარატები, მცენარეები, ცხოველები და სხვა.

 რა სიმპტომები ახასიათებს  დერმატიტს და ეგზემას:

  • კანის ფერის შეცვლა, ანთებითი სიწითლე
  • გამონაყარი, პაპულების გაჩენა, შეშუპება
  • კანზე ამობურცული წანაზარდები
  • ქავილი, ჩხვლეტა, წვა
  • დაზიანებულ ადგილას კანის ტკივილის შეგრძნება
  • კანის საფარის დაწყლულება
  • ეპიდერმისის და დერმის ნეკროზული დაზიანება

დერმატიტის სიმპტომთა გამოვლენის ინტენსივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია იმ ნივთიერებებთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე, რომელიც იწვევს კანის სტრუქტურულ ცვლილებებს.  დერმატიტის სიმპტომები ასევე, შეიძლება შეიცვალოს დაავადების პროგრესირებასთან ერთად.

დერმატიტის სახეობები:

  • კონტაქტური დერმატიტი – რეაქცია, რომელიც ჩნდება კანზე უშუალო ზემოქმედების შედეგად (მოყინვა, ქიმიური დამწვრობა);
  • ალერგიული დერმატიტი – რეაქცია, რომელიც ჩნდება კანზე ალერგენის ზემოქმედების შედეგად (სხვადასხვა ქიმიური და მცენარეული ნივთიერებები);
  • ატოპიური დერმატიტი – ქრონიკული ანთებითი დაავდება, რომლიც განპირობებულია იმუნიტეტით, გენეტიკით, ნეიროგენური ფაქტორებით;
  • საფენების დერმატიტი – გაღიზიანება, რომელიც ჩნდება ბავშვებში, რაც გამოწვეულია კანზე საფენის ქსოვილის მუდმივი შეხებით;
  • პერიორალური დერმატიტი – გამონაყარი პირის, ზოგჯერ თვალებისა და ლოყების გარშემო, რაც დაკავშირებულია გარე და პერიორალური მედიკამენტების გამოყენებასთან, ასევე კოსმეტიკური საშუალებების, საცხების, კბილის პასტის მიმართ ალერგიულ რეაქციასთან;
  • სებორიული დერმატიტი – გამოწვეულია გარკვეული სოკოთი, კერები განლაგებულია ძირითადად თავის თმიან არეში და ყურების უკან, ხშირად მისი გამომწვევი მიზეზია სტრესული პირობები, ჰორმონალური დარღვევები და ნერვული სისტემის დაავადებები;
  • აქტინური ან რადიაციული დერმატიტი – გამოწვეულია ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით;
  • ინფექციური დერმატიტი – გამოწვეულია კანის პათოგენური ბაქტერიებით, ჩხირებით და სოკოვანი ინფექციებით. ხასიათდება ლოკალიზებული გამონაყარით, რომელიც ჩირქდება და ხდება ანთებითი;
  • ტოქსიდერმია – კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ალერგენებისა და ტოქსიკური ნივთიერებების (ქიმიური აგენტების, ზოგიერთი წამლის, საკვები პროდუქტის) ერთდროული ზემოქმედებისას;
  • ეგზემა – კანისა და კანქვეშ ქსოვილის მწვავე ანთება, ხასიათდება მშრალი, ქერცლიანი კანის უბნებით, ნახეთქებით, სიწითლით, შეშუპებით და სისველით.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი პაციენტის დათვალიერებით, ამოწმებს კანის, პირის ღრუს და თავის თმიანი არის მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას. დაავადების დადასტურების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და გაიცემა რეკომენდაციები.

პრევენცია და რეკომენდაციები:

  •  იმუნური სისტემის ხელშეწყობა;
  • ალერგენებთან კონტაქტის გამორიცხვა;
  • რაციონალური და დაბალანსებული კვება; გამოვრიცხოთ რაციონიდან ის პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ მეტაბოლური დარღვევების პროვოცირება;
  • სამუშაოზე უსაფრთხოების დაცვა – ქიმიკატებთან კონტაქტი და ზოგადი სანიტარიული ნორმების დაცვა;
  • ნეიტრალური კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების გამოყენება.

კანის მოვლის ყველა პროდუქტს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დამარბილებელ საშუალებებს – კოსმეტიკას მსუბუქი ტექსტურით, რომელიც არბილებს, კვებავს და იცავს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ქავილს, ამშვიდებს და ხელს უწყობს ეპიდერმისის აღდგენის დაჩქარებას.

გაითვალისწინეთ, რომ

დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი – პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.

დაავადების ადეკვატური მკურნალობით უმჯობესდება თქვენი ცხოვრების ხარისხი. ძალზედ მნიშვნელოვანია კვებითი რეჟიმის დაცვა რათა  დაავადება არ გამწვავდეს.

დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian