ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ინფექციები და მათი დიაგნოსტიკა მარტო დერმატოვენეროლოგებისთვის არ არის საინტერესო, ამით ინტერესდებიან უროლოგები, ონკოლოგები, პათომორფოლოგები, იმუნოლოგები და ვირუსოლოგები, რაც ადამიანის პაპილომა ვირუსის გავრცელებისა და სიმსივნური პროცესის გამოწვევის დიდი უნარით აიხსნება.
ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექცია ვლინდება სხვადასხვა ტიპის მეჭეჭებისა და მახვილწვეტიანი კონდილომების სახით.
მეჭეჭების ინფექციური წარმომავლობა დადასტურდა XIX საუკუნის ბოლოს, ხოლო მათი ვირუსული ეტიოლოგია XX საუკუნის დასაწყისში.
ადამიანის პაპილომა ვირუსი აზიანებს ეპითელიუმს და მრავლდება კანის საფარში, პირის ღრუს ლორწოვანში, თვალის კონიუქტივში, საყლაპავში, ბრონქებში და სწორ ნაწლავში. ვირუსის შეჭრა ხდება კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ბაზალურ შრეში, რის შემდეგაც უჯრედები იწყებენ პროლიფერაციას. ადამიანის პაპილომა ვირუსის სრული რეპლიკაცია (გამრავლება) ხდება, მხოლოდ ეპიდერმისის მარცვლოვან და წვეტიან შრეებში და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედაპირულ ეპითელიოციტებში.
დღეისათვის ცნობილია ადამიანის პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სეროტიპი, და რაც ძალზედ სამწუხაროა, ჩნდება ასევე ახალი ჯგუფებიც. ზოგიერთი მათგანი მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული).
ადამიანის პაპილომა ვირუსის გავრცელება უშულო კონტაქტით ხდება, თუმცა ვირუსის გადამტანი შეიძლება რქოვანა ქერცლიც იყოს. ვირუსით ინფიცირების აუცილებელი ფაქტორია კანის მცირე დაზიანება, რითიც აიხსნება მეჭეჭების ლოკალიზაცია ადვილად ტრამვირებად უბნებში (მტევანი, მუხლები, ტერფები).
ვირუსით ინფიცირების მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს ასევე: ვირუსის რაოდენობა კონტაქტის ადგილას, კანზე ექსპოზიციის ხარისხი და კანის იმუნური სისტემის პასუხი ვირუსის მიმართ, რადგან ადამიანის ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა და აქტივობა, პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობასთან.
ჯანსაღი იმუნური სისტემა ეწინააღმდეგება ვირუსის გამრავლებას და პაპილომების წარმოქმნას. როგორც წესი, მოხუცებში, წამლების ხანგრძლივი მიღებისას და მძიმე დაავადებების დროს, ძლიერი სტრესის და ორსულობის დროს, იმუნიტეტი ქვეითდება და ვირუსი მრავლდება. გარკვეული მდგომარეობების დროს (ორსულობა, ავადმყოფობა, სტრესი) პაპილომების ზომა და რიცხვი სწრაფად მატულობს. თუ პაპილომის ფუძე ზიანდება, ვითარდება ანთებითი პრცესი. ამ დროს, როგორც სამედიცინო, ისე ესთეთიკური ჩვენებებით, სასურველია პაპილომების მოცილება.
ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციით გამოწვეული გამოვლინებები კანზე: ვულგარული, ძაფისებრი, ბრტყელი, ტერფის, ანოგენიტალური მეჭეჭები და ბოვენოიდური პაპულოზი და სხვა.
ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციით გამოწვეული გამოვლინებები ლორწოვანზე: მახვილწვეტიანი კონდილომები გენიტალიუმის მიდამოში და პირის ღრუში, მეჭეჭები საშვილოსნოს ყელზე, ფოკალური პაპილომატოზი, ცხვირის, კონიუქტივისა და ხორხის პაპილომატოზი.
ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ტიპია ვულგარული მეჭეჭები – კეთილთვისებიანი ეპიდერმალური პროლიფირაციული წარმონაქმნები. თავდაპირველად ჩნდება წვრილი სწორზედაპირიანი, ქინძისთავის ზომის პაპულები, რომელიც ზრდასთან ერთად, ჰიპერკერატოზის გამო, მუქდება, ზედაპირი უხეშდება და ხაოიანი ხდება. ვულგარული მეჭეჭები შეიძლება იყოს ერთეული, და უფრო ხშირად მრავლობითი, რომელიც მიმობნეულია კანის უბნებზე. პირველადი მეჭეჭი უფრო დიდია, ვიდრე მის გარშემო მიმობნეული შვილეული მეჭეჭები.
მეჭეჭის გარკვეულ სახეობას ხშირად თავისი ლოკალიზაციის ადგილი აქვს:
ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციის კლინიკური დიაგნოსტიკა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში მეჭეჭები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პაციენტმა მეჭეჭების ნებისმიერი გამოვლინებით უნდა მიაკითხოს ექიმს, რათა დადგინდეს, რა საშუალებით არის შესაძლებელი მისი მკურნალობა.
ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციის ეფექტური მკურნალობისთვის მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური და უნდა პასუხობდეს პაციენტის მოთხოვნებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს მათ მოშორებას გულისხმობს, რადგან სპეციფიური ანტივირუსული პრეპარატები დღეისათვის არ არსებობს. თუმცა ვაქცინა პაპილომა ვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად უკვე არსებობს (ეს ეხება მხოლოდ 4 სეროტიპს).
თანამედროვე მედიცინაში, კანის წარმონაქმნების მკურნალობის რამოდენიმე დესტრუქციული მეთოდი არსებობს:
ყველა ამ მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქირურგიული მეთოდით მოცილებისას, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ნაწიბური. ელექტროქირურგიული მეთოდის შემთხვევაში ნაწიბური უფრო ნაკლებად შესამჩნევია, თხევადი აზოტითა და ქიმიური ხსნარებით მოცილების შემთხვევაში, საკმაოდ ძნელია ამ რეაგენტების დამაზიანებელი მოქმედების სიღრმის განსაზღვრა, რაც ხშირად ხდება არასასურველი ნაწიბურის წარმოქმნის მიზეზი, ხოლო შეხორცების პროცესი ჭიანურდება. გარდა ამისა, რჩება შანსი, რომ კანის წარმონაქმნი სრულად არ იქნება მოცილებული.
თუ რომელი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი დერმატოლოგი, წარმონაქმნის კვლევის საფუძველზე ციფრული დერმატოსკოპის მეშვეობით.
კლინიკა ”მარჯანში” ხალების, პაპილომების, მეჭეჭებისა და კანის სხვა წარმონაქმნების (კონდილომები, ფიბრომები, ათერომები, კერატომები, კერატოაკანტოზები, ”კანის რქა” და ა.შ.), მოცილება ხდება ელექტროქირურგიული მეთოდით. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურის შემდეგ კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც სწორდება 1-2 კვირის განმავლობაში.